დაბადება 31
- 1
და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი: ყველაფერი წაიღოო იაკობმა, რაც მამაჩვენს გააჩნდა, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო.
- 2
იხილა იაკობმა ლაბანის სახე და, აჰა, ისეთი აღარ იყო იგი მის მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ.
- 3
და უთხრა უფალმა იაკობს: "დაბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანაში და შენს ოჯახში და მე ვიქნები შენთან”.
- 4
გააგზავნა კაცი იაკობმა და ველზე, თავის ფარასთან მოუხმო რახელსა და ლეას.
- 5
უთხრა: "მამათქვენს სახეზე ეტყობა, რომ ისეთი აღარაა ჩემ მიმართ, როგორც გუშინ და გუშინწინ იყო, მაგრამ მამაჩემის ღმერთია ჩემთან.
- 6
თქვენ იცით, რომ მთელი ძალღონით ვემსახურებოდი მამათქვენს.
- 7
მამათქვენმა კი მიმუხთლა და ათჯერ შემიცვალა საზღაური. მაგრამ ღმერთმა არ მისცა უფლება, რომ ებოროტნა ჩემთვის.
- 8
იტყოდა - ‘დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო’ და დაწინწკლულებს იგებდა მთელი ფარა; იტყოდა - ‘ზოლიანები იყოსო შენი გასამრჯელო’ და ზოლიანებს იგებდა მთელი ფარა.
- 9
წაართვა ღმერთმა მამათქვენს საქონელი და მე მომცა.
- 10
ცხვრის ახურების ჟამს, სიზმარში აღვაპყრე თვალნი და ვხედავ, ვაცები, ფარას რომ ნერბავენ, სულ ჭრელები, დაწინწკლულები და ხალიანები იყვნენ.
- 11
და დამიძახა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: "იაკობ!” ვუპასუხე: "აქ ვარ”.
- 12
მითხრა: "თვალი გაახილე და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ჭრელი, წინწკლებიანი და ხალებიანია, რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
- 13
მე ვარ ბეთელის ღმერთი, სადაც ზეთი სცხე სვეტს და აღთქმა დამიდე; ახლა ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას”.
- 14
მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: "ნუთუ კიდევ გვაქვს წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
- 15
განა უცხოებად არ ვითვლებით მისთვის? რადგან გაგვყიდა და შეჭამა ჩვენი ვერცხლი.
- 16
ამიტომ მთელი სიმდიდრე, რომელიც ღმერთმა წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა ისე მოიქეცი, როგორც ღმერთმა გითხრა”.
- 17
ადგა იაკობი და აქლემებზე შესხა თავისი ძენი და ცოლები.
- 18
წაასხა მთელი თავისი სამწყსო და წაიღო მთელი თავისი ქონება, რომელიც ფადან-არამში მოაგროვა, რათა ისაკთან, მამამისთან მისულიყო ქანაანის ქვეყანაში.
- 19
ცხვრის გასაპარსად იყო ლაბანი წასული და მოჰპარა რახელმა მამამისს საოჯახო კერპები.
- 20
გააცურა იაკობმა არამელი ლაბანი - დაუმალა რა, რომ გარბოდა მისგან.
- 21
გაიქცა და რაც კი რამ ებადა, თან წაიღო. მდინარე გადალახა და გილყადის მთისკენ გაემართა.
- 22
მესამე დღეს გაიგო ლაბანმა იაკობის გაქცევა.
- 23
წაიყვანა თანამოძმენი, შვიდი დღის სავალზე სდია და გილყადის მთასთან დაეწია.
- 24
ღამით სიზმარში ღმერთი გამოეცხადა არამელ ლაბანს და უთხრა: "ფრთხილად იყავი, ნურც კარგს ეტყვი იაკობს და ნურც ავს”.
- 25
დაეწია ლაბანი იაკობს; და აჰა, მთაზე კარავი ჰქონდა გაშლილი იაკობს და ლაბანმაც გაშალა კარავი გილყადის მთაზე თავის ხალხთან ერთად.
- 26
უთხრა ლაბანმა იაკობს: "ეს რა გამიკეთე? გამაცურე და მახვილით ნაშოვნი ტყვეებივით წაასხი ჩემი ასულები.
- 27
ფარულად რატომ გაიქეცი, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინით, სიმღერით, ებნითა და ქნარით გაგისტუმრებდი.
- 28
ჩემი ძეებისა და ასულების გადაკოცნა არ დამაცადე; უგუნურად მოიქეცი.
- 29
შემიძლია, რომ გიბოროტო, მაგრამ წუხელ მამაშენის ღმერთმა მითხრა, გაფრთხილდი, იაკობს ნურც კარგს ეტყვი და ნურც ავსო.
- 30
ახლა მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ჩემი ღმერთები რაღად მოიპარე?”
- 31
მიუგო იაკობმა: "მეშინოდა, შენი ასულები არ წაგერთმია.
- 32
და ვისაც უპოვი შენს ღმერთებს, ცოცხალი აღარ დარჩეს! ჩვენი ძმების თვალწინ ამოიცანი, რაც შენია და წაიღე, რაც გეკუთვნის”. არ იცოდა იაკობმა, რომ რახელმა მოიპარა კერპები.
- 33
შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლეას კარავში და ორი მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.
- 34
აიღო რახელმა კერპები, აქლემის უნაგირის ქვეშ ამოდო და ზედ დაჯდა. გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი და ვერაფერი იპოვა.
- 35
და უთხრა რახელმა მამას: "ნუ მიწყენს ჩემი ბატონი, მაგრამ არ შემიძლია წამოდგომა შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს”. ეძება ლაბანმა და ვერ იპოვა კერპები.
- 36
განრისხდა იაკობი და შეედავა ლაბანს. უთხრა იაკობმა ლაბანს: "რა დავაშავე, რა შეგცოდე, რომ ასე გაცეცხლებული დამდევნებიხარ?
- 37
მთელი ჩემი ქონება გაჩხრიკე, რა იპოვე შენი სახლიდან მოპარული? შენი და ჩემი თანამოძმეების თვალწინ დააწყვე და მათ გაგვსაჯონ!
- 38
ეს ოცი წელია შენთან ვარ და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდარი არ მოუგიათ; არც ვერძი მიჭამია შენი ფარიდან.
- 39
მხეცის მიერ დაგლეჯილი შენთან არ მომიტანია, მე ვზარალდებოდი; როგორც ღამით, ისე დღისით მოპარულის საზღაურს ჩემგან ითხოვდი.
- 40
დღისით ხორშაკი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მიკარებია ჩემს თვალებს.
- 41
ეს ოცი წელი შენს სახლში ვიყავი: თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, ექვსი წელი - შენი ფარისთვის; გასამრჯელო კი ათჯერ შემიცვალე.
- 42
თქვა ადამმა: "აი, ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული.
- 43
მიუგო ლაბანმა იაკობს: "ეს ასულნი ჩემი შვილები არიან; ეს ვაჟები ჩემი ძეები არიან; ეს ფარა ჩემი ფარაა. ყოველივე, რასაც ხედავ, ჩემია. აჰა, რა ვუყო ჩემს ასულებს ან მათ ძეებს, რომლებიც მათ შვეს?
- 44
ახლა მოდი და აღთქმა დავდოთ მე და შენ; ეს იყოს მოწმედ ჩემსა და შენს შორის”.
- 45
აიღო ქვა იაკობმა და სვეტად აღმართა.
- 46
და უთხრა იაკობმა თავის თანამოძმეებს: "ქვები მოაგროვეთ”. მოიტანეს ქვები და გროვად აღმართეს; და ჭამეს იქ, მასთან.
- 47
და უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა, ხოლო იაკობმა - გილყადი.
- 48
თქვა ლაბანმა: "ეს იყოს მოწმედ დღეს ჩვენ შორის”. ამიტომ ეწოდა იმ ადგილს გილყადი
- 49
და მიცფა, რადგან თქვა: "დაე, თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს დავშორდებით.
- 50
თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს და თუ ჩემი ასულების გარდა სხვა ცოლებს შეირთავ, თუმცა არავინაა ჩვენთან, მაგრამ აჰა, ღმერთია ჩვენი მოწმე”.
- 51
და უთხრა ლაბანმა იაკობს: "აჰა, ეს გროვა და აჰა, ეს სვეტი, რომლებიც აღვმართე ჩემსა და შენს შორის.
- 52
მოწმეა ეს გროვა და მოწმეა ეს სვეტი, რომ მე არ გადმოვლახავ შენკენ ამ გროვას და ამ სვეტს საბოროტოდ და ნურც შენ გადმოლახავ.
- 53
აბრაჰამის ღმერთმა, ნახორის ღმერთმა და მათი მამის ღმერთმა განგვსაჯოს”. და დაიფიცა იაკობმა მამამისის, ისაკის შიში.
- 54
შესწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე და მოუხმო თავის მოძმეთ პურის საჭმელად; ჭამეს და ღამე მთაზე გაათიეს.
- 55
ადგა ლაბანი დილაადრიანად, აკოცა თავის შვილიშვილებსა და თავის ასულებს და აკურთხა ისინი. წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის სახლში.