დაბადება 23
- 1
იცოცხლა სარამ ას ოცდაშვიდი წელი.
- 2
და გარდაიცვალა სარა კირიათ-არბაყს, დღევანდელ ხებრონში, ქანაანის ქვეყანაში. და წავიდა აბრაჰამი სარას საგლოვად და დასატირებლად.
- 3
წამოდგა აბრაჰამი თავის მკვდრისაგან და უთხრა ხეთელებს:
- 4
"მწირი და ხიზანი ვარ თქვენთან; გთხოვთ, მომცეთ სამარხი ადგილი, რომ ჩემი მიცვალებულის დაკრძალვა შევძლო”.
- 5
და მიუგეს ხეთელებმა აბრაჰამს:
- 6
"მოგვისმინე, ჩვენო ბატონო, ღვთის მთავარი ხარ ჩვენ შორის! დაკრძალე შენი მიცვალებული ჩვენს საუკეთესო სამარხში; ჩვენგან არავინ დაგიკავებს სამარხს შენი მიცვალებულის დასაკრძალავად”.
- 7
წამოდგა აბრაჰამი და მიწამდე დაუკრა თავი იმ ქვეყნის ხალხს, ხეთელებს.
- 8
უთხრა მათ აბრაჰამმა: "თუ თანახმა ხართ, რომ ჩემი მიცვალებული დავკრძალო, ისმინეთ ჩემი და შემავედრეთ ყეფრონ ცოხარის ძეს,
- 9
რომ მომცეს მახფელას მღვიმე, მისი მინდვრის კიდეზე რომ არის; სრულ ფასად მომყიდოს იგი, თქვენი თანდასწრებით, საკუთარი სამარხი რომ მქონდეს”.
- 10
ყეფრონი კი ხეთელებს შორის იჯდა. მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაჰამს, ხეთელებისა და ქალაქის კარიბჭეში შემავალთა გასაგონად:
- 11
"არა ჩემო ბატონო, მისმინე: მინდორიც მომიცია შენთვის და მღვიმეც; ჩემი ხალხის წინაშე გაძლევ, რომ დაკრძალო შენი მიცვალებული”.
- 12
მიწამდე დაუკრა თავი აბრაჰამმა ამ ქვეყნის ხალხს
- 13
და ელაპარაკა ყეფრონს, ამ ქვეყნის ხალხის გასაგონად: "იქნებ ისმინო ჩემი! მინდვრის საფასურს გადაგიხდი, გამომართვი, და დავკრძალავ იქ ჩემს მიცვალებულს”.
- 14
მიუგო ყეფრონმა აბრაჰამს:
- 15
"ბატონო, ყური დამიგდე! ჩვენ შორის ოთხასი შეკელის საღირალი მიწა რა სალაპარაკოა? დაკრძალე შენი მიცვალებული!”
- 16
დაეთანხმა აბრაჰამი ყეფრონს და მიუწონა ოთხასი შეკელი ვერცხლი სავაჭრო მაზანდით, როგორც ხეთელთა გასაგონად მოითხოვა.
- 17
და დაუმტკიცდა მას საკუთრებად ყეფრონისეული მინდორი მახფელაში, მამრეს პირდაპირ, ასევე მღვიმე, რომელიც იქ არის, და ხეები, რომლებიც იმ მინდორზე და მის ირგვლივ არის,
- 18
შეიძინა აბრაჰამმა საკუთრებად, ხეთელებისა და ქალაქში ყველა შემავალის თანდასწრებით.
- 19
ამის შემდეგ დაკრძალა აბრაჰამმა თავისი ცოლი, სარა, მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს ანუ ხებრონის პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში.
- 20
დაუმტკიცდა აბრაჰამს ხეთელთაგან მინდორი და იქ მდებარე მღვიმე საკუთარ სამარხად.