დაბადება 21
- 1
მოხედა უფალმა სარას, როგორც შეპირდა; და შეუსრულა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.
- 2
დაორსულდა სარა და უშვა აბრაჰამს მისი სიბერის ძე ზუსტად იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.
- 3
და უწოდა აბრაჰამმა თავის ძეს ისაკი, მისთვის შობილს, რომელიც უშვა მას სარამ.
- 4
წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.
- 5
ასი წლის იყო აბრაჰამი, როცა შეეძინა მას ისაკი თავისი ძე.
- 6
და თქვა სარამ: "სასაცილო გამხადა ღმერთმა, ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა გაიცინებს.
- 7
თქვა: "ვინ ეტყოდა აბრაჰამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებსო ძუძუს? და მაინც, ვშობე მისი სიბერის ძე”.
- 8
წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. და გამართა აბრაჰამმა დიდი ნადიმი იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.
- 9
და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
- 10
უთხრა სარამ აბრაჰამს: "გააძევე ეს მხევალი თავისი შვილითურთ, რათა არ დაიმკვიდროს ამ მხევლის ძემ ჩემს ძესთან - ისაკთან ერთად”.
- 11
და ფრიად შეაწუხა აბრაჰამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო.
- 12
უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "ნუ წუხხარ ყრმასა და შენს მხევალზე; რასაც სარა გეტყვის, გაუგონე, რადგან ისაკში იწოდება შენი თესლი.
- 13
მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ისიც შენი თესლია”.
- 14
ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, აიღო პური, წყლით სავსე ტიკი და მისცა ჰაგარს, მხარზე აჰკიდა და გაუშვა ბავშვიანად. წავიდა ქალი და გზააბნეული ბეერ-შებაყის უდაბნოში დახეტიალობდა.
- 15
როცა გაუთავდა წყალი ტიკში, მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას,
- 16
თვითონ კი წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, მშვილდის სასროლ მანძილზე, რადგან თქვა, ვერ ვუყურებო ბავშვის სიკვდილს. მოშორებით დაჯდა და ხმამაღლა აქვითინდა.
- 17
ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა; ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და ჰკითხა: "რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა იქ, სადაც იმყოფება.
- 18
ადექი წამოაყენე ყრმა და ხელი ჩასჭიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მის შთამომავლობას”.
- 19
აუხილა ღმერთმა თვალები და დაინახა ჭა წყლით სავსე; ტიკი წყლით აავსო და ყრმასაც დაალევინა.
- 20
ღმერთი იყო ყრმასთან; გაიზარდა იგი უდაბნოში, სადაც დამკვიდრდა და შეიქნა მშვილდოსანი.
- 21
დამკვიდრდა იგი ფარანის უდაბნოში და მიჰგვარა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან.
- 22
იმ დროს იყო, რომ დაელაპარაკნენ აბრაჰამს აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი და უთხრეს: "ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც აკეთებ.
- 23
ამიტომ შემომფიცე ღმერთის სახელით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს შვილიშვილებს და არც შვილთაშვილებს. როგორც მე გექცეოდი წყალობით, შენც ისე მოგვექეცი მე და იმ ქვეყანას, სადაც მდგმურად იმყოფები”.
- 24
და უთხრა აბრაჰამმა: "ვფიცავ!”
- 25
უსაყვედურა აბრაჰამმა აბიმელექს ჭის გამო, რომელიც აბიმელექის მსახურებმა მიიტაცეს.
- 26
უთხრა აბიმელექმა: "არ ვიცი, ვინ ქმნა ეს საქმე; შენც არ გითქვამს ჩემთვის. მეც დღემდე არაფერი მსმენია”.
- 27
აიღო აბრაჰამმა და მისცა აბიმელექს ცხვარი და ზვარაკი, და შეკრეს კავშირი.
- 28
და ცალკე გამოასხა აბრაჰამმა ცხვრის შვიდი კრავი.
- 29
ჰკითხა აბიმელექმა აბრაჰამს: "რისთვისაა აქ ეს შვიდი კრავი, რომლებიც ცალკე გამოასხი?”
- 30
უპასუხა: "მიიღე ჩემი ხელიდან ეს შვიდი კრავი, დასტურად იმისა, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა”.
- 31
ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
- 32
შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში; და გაბრუნდნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, ფილისტიმელთა ქვეყანაში.
- 33
დარგო აბრაჰამმა იალღუნი ბეერ-შებაყში; და იქ მოუხმო მან უფლის, მარადიული ღმერთის სახელს.
- 34
და ხიზნობდა აბრაჰამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი დღე.