დაბადება 15
- 1
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ აბრამმა ხილვაში ისმინა უფლის სიტყვა: "ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ ფარი შენი. ფრიად დიდი იქნება შენი საზღაური!”
- 2
უთხრა აბრამმა: "უფალო ღმერთო! რა უნდა მომცე? უშვილოდ გადავდივარ და დამასკოელი ელიეზერია ჩემი სახლის განმგებელი”.
- 3
თქვა აბრამმა: "შთამომავალი არ მომეცი და ჩემს სახლში შობილი მსახური გამიხდება მემკვიდრე”.
- 4
და იყო აბრამის მიმართ უფლის სიტყვა: "არ გახდება იგი შენი მემკვიდრე; არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე”.
- 5
გაიყვანა გარეთ და უთხრა: "ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა”. მერე უთხრა: "შენი შთამომავლობაც ამდენი იქნება”.
- 6
და ერწმუნა იგი უფალს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ.
- 7
კვლავ უთხრა: "მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რათა დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა”.
- 8
უპასუხა: "უფალო ღმერთო! როგორ უნდა მივხვდე, რომ მე დავიმკვიდრებ?”
- 9
უთხრა: "სამწლიანი დეკეული, სამწლიანი დედალი თხა, სამწლიანი ვერძი, გვრიტი და მტრედის ხუნდი მომიყვანე”.
- 10
მიიყვანა ეს ყველაფერი, შუაზე გაჭრა და ნაჭრები ერთიმეორის პირდაპირ დააწყო. მხოლოდ ფრინველები არ გაჭრა შუაზე.
- 11
და დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები მძორს, მაგრამ განდევნა ისინი აბრამმა.
- 12
მზის ჩასვლისას ღრმად ჩაეძინა აბრამს; მაშინ ძრწოლამ და დიდმა წყვდიადმა მოიცვა იგი.
- 13
უთხრა უფალმა: "იცოდე, ხიზნებად იქნებიან შენი შთამომავალნი სხვის ქვეყანაში; დამონებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხასი წელი.
- 14
და ხალხს, რომელსაც ისინი დაემონებიან, მე განვსჯი; ამის შემდეგ დიდი ქონებით გამოვლენ მონობიდან.
- 15
შენ კი მშვიდობით მიხვალ შენს მამებთან; ტკბილი სიბერე გექნება და დაიკრძალები.
- 16
მეოთხე თაობა დაბრუნდება აქეთ, რადგან ჯერ არ ავსებულა ამორელთა ურჯულოება”.
- 17
როდესაც მზე ჩავიდა და წყვდიადმა მოიცვა იქაურობა, გამოჩნდა მბოლავი ღუმელი ცეცხლოვანი ლამპრით და გაკვეთილ ცხოველთა შორის გაიარა.
- 18
იმ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: "შენი შთამომავლობისათვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარე ევფრატამდე.
- 19
კენიელთა, კენიზელთა, კადმონელთა,
- 20
ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა,
- 21
ამორელთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა მიწები”.