1 ტიმოთე 2
- 1
ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის,
- 2
მეფეებისა და ყველა ზემდგომთათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით;
- 3
ვინაიდან ესაა კეთილი და მისაღები, ჩვენი მაცხოვარი ღვთის წინაშე,
- 4
რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას.
- 5
ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი - კაცი ქრისტე იესო,
- 6
რომელმაც ყველას გამოსასყიდად გაიღო თავი, რისი მოწმობაც იყო თავის დროზე,
- 7
რის მქადაგებლად და მოციქულადაც ვარ დადგენილი - ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ვცრუობ, - წარმართთა მასწავლებლად რწმენასა და ჭეშმარიტებაში.
- 8
ამიტომ, ჩემი სურვილია, რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე.
- 9
ასევე დედაკაცებიც, შესაფერისი სამოსლით, მორცხვობით და თავშეკავებით შემკულნი; არა ნაწნავებითა და ოქროთი ან მარგალიტებითა და ძვირფასი ტანსაცმლით,
- 10
არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს.
- 11
დედაკაცი უნდა სწავლობდეს მდუმარებაში, ყოველგვარი მორჩილებით.
- 12
დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ან კაცზე ბატონობის ნებას, არამედ იყოს მდუმარედ.
- 13
რადგან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.
- 14
ადამი კი არ მოტყუებულა, დედაკაცი მოტყუვდა და ჩაიდინა დანაშაული.
- 15
თუმცაღა გადარჩება შვილების შობით, თუ ღირსებით იდგება რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში გონიერებით.