ფილიპელთა 4
- 1
აბა, ჩემო საყვარელო და სასურველო ძმებო, ჩემო სიხარულო და გვირგვინო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო!
- 2
ევოდიასა და სვინტიქეს შევაგონებ, თანამოაზრენი იყვნენ უფალში.
- 3
შენ კი, ჩემო ერთგულო თანამშრომელო, შენც გთხოვ დაეხმარო ამ დებს, რომელნიც ჩემთან ერთად იღწვოდნენ სახარებით, კლემენტოსთან და სხვა ჩემს თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელები სიცოცხლის წიგნშია.
- 4
მარადის იხარეთ უფალში, და კიდევ ვიტყვი: იხარეთ!
- 5
თქვენი თავმდაბლობა ცნობილი იყოს ყველა ადამიანისთვის. ახლოა უფალი.
- 6
არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს,
- 7
და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
- 8
და ბოლოს, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ.
- 9
რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
- 10
მე კი დიდად გავიხარე უფალში, რადგან ახლა კვლავ იწყეთ ჩემზე ზრუნვა. უწინაც ცდილობდით ზრუნვას, მაგრამ ვერ ახერხებდით.
- 11
გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაც მაქვს.
- 12
ვიცი გაჭირვებაში ცხოვრებაც და ვიცი სიუხვეშიც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: სიმაძღრეს და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას.
- 13
ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის, ქრისტეს მეშვეობით.
- 14
ხოლო თქვენ კარგად მოიქეცით, ჭირში რომ მეზიარეთ.
- 15
თქვენ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაწყისში, როცა მაკედონიიდან გამოვედი, არც ერთმა ეკლესიამ არ მიიღო მონაწილეობა ჩემთან მიღება-გაცემაში, თქვენს გარდა.
- 16
თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა, ერთი-ორჯერ.
- 17
არა იმიტომ, რომ მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ მრავლდება.
- 18
ყოველივე მივიღე და უხვად მაქვს; კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროტიდესგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ღვთისთვის მოსაწონი.
- 19
ჩემი ღმერთი კი ყოველ თქვენს საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ აღავსებს, დიდებაში, ქრისტე იესოში.
- 20
ხოლო ჩვენს ღმერთს და მამას დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
- 21
მოიკითხეთ ყოველი წმიდანი ქრისტე იესოს სახელით. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები.
- 22
მოგიკითხავთ ყველა წმიდა, უფრო მეტად კი კეისრის სახლეულიდან.
- 23
უფალ იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან, ამინ!