ეფესელთა 4
- 1
ამიტომ გემუდარებით, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს.
- 2
მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,
- 3
ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.
- 4
ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით;
- 5
ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება,
- 6
ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყოველივეს მეშვეობით და ყველაფერში.
- 7
ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტეს საჩუქრის ზომისამებრ.
- 8
ამიტომ ამბობს: "ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვეობა და საჩუქრები უბოძა ადამიანებს”.
- 9
ავიდა კი რა არის, თუ არა ის, რომ იგი დედამიწის ყველაზე ღრმა მხარეებშიც ჩავიდა?
- 10
ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე.
- 11
და მან მოგვცა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლებად, ზოგნი კი მწყემსებად და მასწავლებლებად,
- 12
რათა აღჭურვონ წმიდანები მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,
- 13
ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას, რათა გარდავიქმნათ სრულქმნილ კაცად, ქრისტეს სისრულის ასაკის ზომისამებრ.
- 14
რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და წარიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,
- 15
არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე.
- 16
ვის მიერაც მთელი სხეული, ერთად შერწყმული და შეერთებული ყოველგვარი სახსრით, რომლითაც არის აღჭურვილი, სხეულის თითოეული ასოს სათანადო მოქმედებით ახორციელებს სხეულის ზრდას, თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.
- 17
ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ დავდიოდეთ ისე, როგორც სხვა წარმართნი დადიან თავიანთი გონების ამაოებაში,
- 18
დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
- 19
ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
- 20
ხოლო თქვენ ასე როდი გისწავლიათ ქრისტე,
- 21
რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლულნი - ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება,
- 22
რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცდური გულისთქმებით რომ იხრწნება,
- 23
და განიახლოთ თქვენი გონება სულით,
- 24
და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.
- 25
ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკოს თავის მოყვასს, ვინაიდან ერთიმეორის ნაწილები ვართ.
- 26
განრისხდით, და ნუ შესცოდავთ; მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.
- 27
ადგილი არ მისცეთ ეშმაკს.
- 28
მომპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი.
- 29
არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი - საჭიროებისამებრ ასაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელთ.
- 30
ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმიდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის დღისთვის.
- 31
ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.
- 32
იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.