გალატელთა 3
- 1
ჰოი, უგუნურო გალატელებო! ვინ მოგაჯადოვათ, რომ არ დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც აღიწერა ჯვარცმული იესო ქრისტე!
- 2
მხოლოდ ეს მსურს ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეებით მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით?
- 3
ნუთუ იმდენად უგუნურები ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ახლა ხორცით ამთავრებთ?
- 4
ამაოდ იტანჯეთ ამდენი? თუ ასეა - ამაოდ!
- 5
ვინც სულ მოგცათ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით აკეთებს ამას თუ რწმენის შესმენით?
- 6
როგორც აბრაჰამმა ირწმუნა ღმერთი, და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას.
- 7
ამიტომ, იცოდეთ, რომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, აბრაჰამის შვილები არიან.
- 8
წერილმა, რომელმაც თავიდანვე განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაჰამს: "და იკურთხება შენში ყველა ერი”.
- 9
ამიტომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, ერთგულ აბრაჰამთან ერთად იკურთხებიან.
- 10
ვინაიდან ყველანი, ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ იმყოფებიან, რადგან დაწერილია: "წყეულია ყოველი, ვინც არ ასრულებს ყოველივეს, რაც რჯულის წიგნშია დაწერილი, რათა ყველაფერი შეასრულოს”.
- 11
ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, რადგან მართალი იცოცხლებს რწმენით.
- 12
ხოლო რჯული რწმენისგან არ არის, მაგრამ ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს.
- 13
ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისგან და ჩვენს ნაცვლად გახდა წყეული, ვინაიდან დაწერილია: "წყეულია ყველა, ვინც ძელზეა დაკიდებული”.
- 14
იმისთვის, რომ აბრაჰამის კურთხევა ქრისტე იესოს მიერ იყოს წარმართებზე, რათა რწმენის მეშვეობით მივიღოთ სულის აღთქმა.
- 15
ძმებო! ადამიანურად ვამბობ: ადამიანის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ გააუქმებს და ვერც ვერაფერს დაუმატებს.
- 16
ხოლო ეს აღთქმანი აბრაჰამსა და მის თესლს ეთქვა. არ თქმულა: "შენს თესლთ” - როგორც მრავალზე ითქმის, არამედ როგორც ერთზე: "შენს თესლს”, რომელიც არის ქრისტე.
- 17
ამას კი ვამბობ: ღვთის მიერ წინათ დამტკიცებულ აღთქმას ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოსული რჯული ვერ დაარღვევს ისე, რომ გაუქმდეს აღთქმული.
- 18
ვინაიდან, თუკი რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ აღარაა აღთქმით; აბრაჰამს კი აღთქმით მომადლა ღმერთმა.
- 19
აბა, რჯული რაღაა? დანაშაულთა გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა თესლი, რომლისადმიცაა აღთქმა, და ანგელოზების მეშვეობით გადაეცა იგი შუამავლის ხელით.
- 20
ერთის შუამავალი არ არსებობს, ხოლო ღმერთი ერთია.
- 21
აბა, ეწინააღმდეგება რჯული ღვთის აღთქმებს? არასგზით! ვინაიდან, თუ ისეთ რჯულს მივიღებდით, რომელსაც სიცოცხლის მონიჭება შეეძლებოდა, მაშინ ნამდვილად იქნებოდა სიმართლე რჯულის მიერ.
- 22
მაგრამ წერილმა ყველა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია, რათა მორწმუნეებს აღთქმული იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ.
- 23
რწმენის მოსვლამდე კი მომწყვდეულები ვიყავით რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ, ვიდრე რწმენა გამოჩნდებოდა.
- 24
ამრიგად, რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით.
- 25
მაგრამ ახლა, როცა რწმენა მოვიდა, წარმმართველის ხელქვეით აღარ ვიმყოფებით.
- 26
რადგან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით.
- 27
ვინაიდან, ყველანი ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეში შეიმოსენით კიდეც.
- 28
და აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
- 29
და თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაჰამის თესლი ხართ და მემკვიდრენი აღთქმის მიხედვით.