2 კორინთელთა 8
- 1
და აჰა, გაუწყებთ ძმებო, ღვთის მადლის შესახებ, რომელიც მაკედონიის ეკლესიებს მიეცა;
- 2
რადგან, მიუხედავად დიდი შეჭირვებით გამოცდისა, მათი სიხარულის სიუხვე და მათი სიღატაკის სიღრმე უხვად გამოიხატა მათი ხელგაშლილობის სიმდიდრეში.
- 3
ვინაიდან ვადასტურებ, რომ თავიანთი ძალის შესაბამისად და უფრო მეტადაც იყვნენ გულუხვნი.
- 4
დაჟინებით გვთხოვდნენ, რომ წმიდანთა მომსახურებაში მოზიარეობის უფლება მიგვეცა.
- 5
და გაიღეს არა მარტო ის, რისი მოლოდინიც გვქონდა, არამედ მათ საკუთარი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით;
- 6
ამიტომ ტიტეს ვთხოვეთ, რომ, როგორც დაიწყო, ასევე დაემთავრებინა თქვენთან ეს კეთილი საქმე.
- 7
ჰოდა, როგორი სიუხვეც გაქვთ ყველაფერში - რწმენასა და სიტყვაში, შემეცნებასა და ყოველგვარ სწრაფვაში, და თქვენდამი ჩვენს სიყვარულში, - ასევე იუხვეთ ამ მადლშიც.
- 8
ამას ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ იმისთვის, რომ სხვათა გულმოდგინებით თქვენი სიყვარულის სიწრფელეც გამოვცადო.
- 9
ვინაიდან იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ თქვენთვის გაღატაკდა იგი, თუმცა მდიდარი იყო, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი გაღატაკებით.
- 10
ჩემს აზრს გეტყვით ამაზე: რადგან სასარგებლო იქნება არამხოლოდ აღასრულოთ ის, რაც შარშან პირველებმა წამოიწყეთ, არამედ ხალისიც იქონიოთ.
- 11
ახლა კი საქმე დაასრულეთ, რათა, რისი გაკეთებაც ხალისით გეწადათ, შეასრულოთ კიდეც, თქვენი შესაძლებლობისამებრ.
- 12
ვინაიდან, როცა წადილი არის, შენაწირი მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს.
- 13
ვინაიდან, იმისთვის კი არ იძლევით, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანაბრობისთვის.
- 14
ამჟამად თქვენი ნამეტი შეავსებს მათ ნაკლულობას, რათა მათმა ნამეტმაც შეავსოს თქვენი ნაკლულობა, რომ იყოს თანაბრობა.
- 15
როგორც სწერია: ბევრის ამკრეფს ზედმეტი არ მოსვლია და ცოტას ამკრეფს არ დაჰკლებია.
- 16
და მადლობა ღმერთს, რომელიც ასეთსავე სიბეჯითეს აძლევს თქვენ მიმართ ტიტეს გულს;
- 17
ვინაიდან მართლაც გულიანად დათანხმდა ჩვენს თხოვნას და საკუთარი სურვილითაც გამოემართა თქვენთან.
- 18
მასთან ერთად გამოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის.
- 19
გარდა ამისა, ეკლესიების მიერ ხელდასხმულიცაა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რასაც ვემსახურებით ჩვენ, თვით უფლის სადიდებლად და ჩვენი წადილის შესაბამისად.
- 20
ვფრთხილობთ ამაში, რომ ვინმესგან არ დავდანაშაულდეთ ამ უხვი შესაწირის განკარგვის საქმეში.
- 21
და რაკი კეთილს ვიზრახავთ, არამხოლოდ უფლის წინაშე, არამედ ადამიანთა წინაშეც,
- 22
თან წამოვაყოლეთ ჩვენი ძმა, ვისი გულმოდგინებაც მრავალჯერ გამოვცადეთ ბევრ რამეში, და ახლა უფრო მოწადინებულია, რადგან დარწმუნებულია თქვენში.
- 23
რაც შეეხება ტიტეს, ის ჩემი თანაზიარი და თანამშრომელია თქვენდამი მსახურებაში. ჩვენი ძმები კი, ეკლესიათაგან წარგზავნილნი არიან და ქრისტეს დიდება.
- 24
ჰოდა, უჩვენეთ მათ თქვენი სიყვარული და დაადასტურეთ ჩვენი ქადილი თქვენს შესახებ ეკლესიების წინაშე.