2 კორინთელთა 6
- 1
და ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რომ ფუჭად არ მიიღოთ ღვთის მადლი.
- 2
ვინაიდან ამბობს: "შესაფერ დროს გიპასუხე და ხსნის დღეს შეგეწიე”. აჰა, ახლაა შესაფერი ჟამი; აჰა, ახლაა ხსნის დღე.
- 3
არაფერში არანაირად არ გაბრკოლებთ, რათა მსახურება არ შეიბღალოს,
- 4
არამედ წარმოგიდგენთ თავებს, როგორც ღვთის მსახურნი ყველაფერში: დიდ მოთმინებაში, ჭირში, გაჭირვებაში, შევიწროებაში,
- 5
ცემაში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში,
- 6
სიწმინდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიკეთეში, სულიწმიდაში, უანგარო სიყვარულში,
- 7
ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის იარაღით მარჯვენასა და მარცხენაში,
- 8
დიდებასა და სირცხვილში, გმობასა და ქებაში; მაცდურებად გვთვლიან, მაგრამ ჭეშმარიტნი;
- 9
ვითომც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; ვითომც მომაკვდავნი, და აჰა, ვცოცხლობთ; გვსჯიან, მაგრამ არ ვკვდებით;
- 10
თითქოს მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; ვითომც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი; როგორც არასმქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.
- 11
ბაგე ჩვენი გახსნილია თქვენ მიმართ, კორინთელნო, და გული ჩვენი - ღია.
- 12
თქვენ ვიწროდ არა ხართ ჩვენში, არამედ თქვენს შიგნით არის სივიწროვე.
- 13
ამის სანაცვლოდ კი გეუბნებით, როგორც შვილებს: თქვენც იყავით გახსნილნი.
- 14
ნუ შეებმებით ურწმუნოებთან უცხო უღელში. რადგან რა აქვს საერთო სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს წყვდიადთან?
- 15
რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?
- 16
რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ცოცხალი ღვთის ტაძარი ხართ, როგორც თქვა ღმერთმა: "დავმკვიდრდები და ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი და იქნებით ჩემი ხალხი.
- 17
ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით! - ამბობს უფალი - უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ.
- 18
ვიქნები თქვენთვის მამა, და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი - ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი”.