2 კორინთელთა 2
- 1
რადგან ვფიქრობდი ჩემთვის, დასამწუხრებლად აღარ მოვსულიყავი თქვენთან.
- 2
ვინაიდან თუ მე გამწუხრებთ, ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც დამწუხრებულია ჩემს მიერ.
- 3
სწორედ ეს მოგწერეთ თქვენ, რათა ჩემი მოსვლისას წუხილი არ მქონდეს მათგან, ვისითაც უნდა გამეხარა; რადგან დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანში, რომ ჩემი სიხარული თითოეული თქვენგანის სიხარულიცაა.
- 4
ვინაიდან დიდი გულისტკივილით, ნაღველითა და უამრავი ცრემლით გწერდით, და არა იმიტომ, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ გეგრძნოთ ის მეტისმეტი სიყვარული, რომელიც თქვენდამი მაქვს.
- 5
და თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, გადაჭარბებულად რომ არ ვთქვა, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც.
- 6
ასეთისათვის ამგვარი სასჯელიც საკმარისია უმრავლესობისაგან.
- 7
ასე, რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი.
- 8
ამიტომ, გთხოვთ, სიყვარული გამოიჩინოთ მის მიმართ.
- 9
ვინაიდან ეს იმისთვისაც მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა.
- 10
ჰოდა, ვისაც თქვენ აპატიებთ, მეც, ვინაიდან მეც თუ ვინმეს ვაპატიე, თქვენი გულისთვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე.
- 11
რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ; ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.
- 12
ქრისტეს სახარებლად მივედი ტროადაში და კარი ღია იყო ჩემთვის უფალში,
- 13
მაგრამ არ მქონდა სულის სიმშვიდე, რადგან ვერ ვპოვე იქ ჩემი ძმა ტიტე; გამოვემშვიდობე მათ და მაკედონიისაკენ გავემართე.
- 14
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გამარჯვებას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი მეშვეობით წარმოაჩენს თავისი შემეცნების კეთილსურნელებას ყოველ ადგილზე.
- 15
ვინაიდან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისთვის, დახსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც.
- 16
ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ და ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ. და ვინაა შემძლე ამისა?
- 17
ვინაიდან ჩვენ არ ვვაჭრობთ ღვთის სიტყვით, როგორც მრავალნი, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტეში.