1 კორინთელთა 8
- 1
ახლა კერპთშენაწირებზე. ვიცით, რადგან ცოდნა ყველას გვაქვს. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს.
- 2
ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს.
- 3
მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, იგი შეცნობილია მისგან.
- 4
ამგვარად, კერპთშენაწირების საჭმელად გამოყენების შესახებ ვიცით, რომ კერპი არაფერია წუთისოფელში და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა.
- 5
ვინაიდან, თუნდაც იყვნენ ეგრეთწოდებული ღმერთები ცაში თუ დედამიწაზე (რადგან არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი),
- 6
ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ; და ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველივე და ჩვენც მის მიერ ვართ.
- 7
მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, ვინაიდან ზოგიერთები დღემდე ჩვეულებისამებრ ჭამენ კერპთაგან, როგორც კერპთშენაწირს და ამრიგად, მათი დაუძლურებული სინდისი იბილწება.
- 8
საჭმელი არ მიგვაახლოებს ღმერთთან; ვინაიდან, თუ ვჭამთ - არაფერი გვემატება და თუ არ ვჭამთ - არაფერი გვაკლდება.
- 9
მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის.
- 10
ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას კერპთშენაწირის საჭმელად?
- 11
და შენი ცოდნის მეშვეობით დაიღუპება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
- 12
ამგვარად თუ სცოდავთ ძმების მიმართ და აჭრილობებთ მათ უძლურ სინდისს, ამით ქრისტეს მიმართ სცოდავთ.
- 13
ამიტომ თუ საჭმელი აბრკოლებს ჩემს ძმას, უკუნისამდე აღარ შევჭამ ხორცს, რათა ჩემი ძმა არ დავაბრკოლო.