1 კორინთელთა 16
- 1
რაც შეეხება წმიდანებისთვის შეგროვებას, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.
- 2
ყოველი კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა თავისთან გადადოს და გადაინახოს თავისი შემოსავლიდან, რათა მანდ რომ მოვალ, მაშინ არ გროვდებოდეს.
- 3
ხოლო, როცა მოვალ, ვისაც თქვენ ცნობთ სანდოდ, იმათ მივავლენ წერილებით თქვენი ძღვენის იერუსალიმში წასაღებად.
- 4
და თუ იქ ჩემი წასვლაც საჭირო იქნება, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.
- 5
ხოლო თქვენთან, მაკედონიის გავლის შემდეგ მოვალ; ვინაიდან მაკედონიაზე უნდა გავიარო.
- 6
თქვენთან კი, შესაძლოა, დავრჩე ან იქნებ გამოვიზამთრო კიდეც, რათა იქ გამაცილოთ, სადაც წავალ,
- 7
ვინაიდან ახლა გავლით არ მინდა თქვენი ნახვა, არამედ ვიმედოვნებ რამდენიმე ხანს დავრჩე თქვენთან, თუ დამრთავს ნებას უფალი.
- 8
ხოლო ეფესოში ორმოცდამეათე დღის ზეიმამდე დავრჩები,
- 9
ვინაიდან გამეღო ფართო კარი, ქმედითი მსახურებისთვის, ოღონდ მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.
- 10
ტიმოთე თუ მოვა, ეცადეთ, რომ უშიშრად იყოს თქვენთან; ვინაიდან ისევე, როგორც მე, ისიც უფლის საქმეს აკეთებს.
- 11
ამიტომ არავინ უგულებელყოს, არამედ გამოისტუმრეთ მშვიდობიანად, რათა ჩემთან მოვიდეს; ვინაიდან ველოდები მას ძმებთან ერთად.
- 12
რაც შეეხება ძმა აპოლოსს, ძალიან ვეხვეწე, მოსულიყო თქვენთან ძმებითურთ, მაგრამ ახლა არ ისურვა წამოსვლა. მოვა, როცა შეძლებს.
- 13
იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით ვაჟკაცურნი, იყავით ძლიერნი.
- 14
ყოველივე სიყვარულით გააკეთეთ.
- 15
ჰოდა შეგაგონებთ ძმანო, ხომ იცით სტეფანეს სახლეულობა, რომელიც აქაიას პირველი ნაყოფია, და რომ მათ თავიანთი თავი წმიდანთა მსახურებას მიუძღვნეს.
- 16
თქვენც დაემორჩილეთ ასეთებს და ყველას, ვინც თანამშრომელი და მოღვაწეა.
- 17
მე კი ვხარობ სტეფანეს, ფორტუნატესა და აქაიკეს მოსვლით, ვინაიდან მათ შემივსეს თქვენი არყოფნა,
- 18
რადგან ჩემი სულიც დაამშვიდეს და თქვენიც. ამიტომ აღიარეთ ასეთები.
- 19
მოგიკითხავენ აზიის ეკლესიები; დიდად მოგიკითხავენ უფლის მიერ აკვილა და პრისკილა და ასევე მათი საოჯახო ეკლესია.
- 20
მოგიკითხავთ ყველა ძმა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.
- 21
მოგიკითხავთ ჩემი, პავლეს ხელით.
- 22
ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, შეჩვენებული იყოს. მარანათა!
- 23
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან,
- 24
ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოში, ამინ!