1 კორინთელთა 13
- 1
თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნია, მაშინ მხოლოდ ჟღარუნა რვალი ვარ ან წკრიალა წინწილა.
- 2
წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი ცოდნა, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი.
- 3
მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არაფერი სარგებელი მაქვს.
- 4
სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია; არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს,
- 5
უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და ბოროტს არ განიზრახავს,
- 6
არ ხარობს უმართლობით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს;
- 7
ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს.
- 8
სიყვარული არასოდეს მთავრდება; წინასწარმეტყველებანი გაუქმდება, ენები შეწყდება და ცოდნა გადაივლის.
- 9
რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ.
- 10
და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება.
- 11
როცა ბალღი ვიყავი, ბალღურად ვმეტყველებდი, ბალღურად ვაზროვნებდი და ბალღურად ვმსჯელობდი; მამაკაცი რომ გავხდი, ყოველივე ბალღური მივატოვე.
- 12
რადგან ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ. ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ კი ისე შევიცნობ, როგორც მე ვარ შეცნობილი, ღმერთის მიერ.
- 13
ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული - ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია უდიდესი.