1 კორინთელთა 11
- 1
მომბაძეთ მე, როგორც მე - ქრისტეს.
- 2
იმისთვის გაქებთ თქვენ ძმებო, რომ ყველაფერში გახსოვართ და ისე ინახავთ მოძღვრებას, როგორც გადმოგეცით.
- 3
ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი - ქმარია და ქრისტეს თავი - ღმერთია.
- 4
ყოველი მამაკაცი, ვინც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.
- 5
ხოლო ყოველი დედაკაცი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგან ეს იგივეა, ვითომც გადაპარსული იყოს;
- 6
თუ დედაკაცი არ დაიხურავს, გადაიპარსოს, ხოლო თუ დედაკაცს რცხვენია იყოს თმაშეჭრილი ან გადაპარსული, თავდაბურული იყოს.
- 7
მაშასადამე, მამაკაცმა არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა; ცოლი კი ქმრის დიდებაა.
- 8
ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისგან, არამედ დედაკაცი - მამაკაცისგან.
- 9
ასევე, მამაკაცი კი არ შექმნილა დედაკაცისთვის, არამედ დედაკაცი - მამაკაცისთვის.
- 10
ამიტომ დედაკაცი ვალდებულია თავზე ძალაუფლების ნიშანი ჰქონდეს ანგელოზების გულისთვის.
- 11
თუმცა არც ქმარია ცოლის გარეშე და არც ცოლია ქმრის გარეშე უფალში.
- 12
ვინაიდან, ისევე როგორც დედაკაცია მამაკაცისგან, მამაკაციც დედაკაცის მეშვეობით იშვება; ხოლო ყოველივე ღვთისგან არის.
- 13
თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეშვენის დედაკაცს ღვთის წინაშე თავდაუბურავი ლოცვა?
- 14
ანდა, განა თვით ბუნებაც არ გასწავლით, რომ მამაკაცისათვის სამარცხვინოა გრძელთმიანობა?
- 15
მაგრამ დედაკაცის გრძელთმიანობა დიდებაა მისთვის: გრძელი თმა მას საბურველის ნაცვლად აქვს მიცემული.
- 16
და თუ ვინმე დავას განიზრახავს, არც ჩვენ და არც ღვთის ეკლესიებს ასეთი ჩვეულება არა გვაქვს.
- 17
ხოლო ამას რომ გამცნობთ, არ გაქებთ, იმიტომ რომ იკრიბებით არა უმჯობესისთვის, არამედ უარესისთვის.
- 18
რადგან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როცა ეკლესიად იკრიბებით, დაყოფანია თქვენს შორის, რაც ნაწილობრივ მჯერა.
- 19
თუმცა აზრთა სხვადასხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ თქვენს შორის გამოცდილნი.
- 20
ამიტომ, ერთადშეკრებილნიც კი არ ჭამთ უფლის სერს.
- 21
რადგან თითოეული ჯერ თავის საჭმელს მიირთმევს სერობისას და ზოგი მშიერია, ზოგი კი მთვრალი.
- 22
განა არა გაქვთ სახლები, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ შეურაცხყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ, შეგაქოთ? ამისთვის ვერ შეგაქებთ.
- 23
ვინაიდან მე უფლისგან მივიღე ის, რაც თქვენც გადმოგეცით; რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური,
- 24
მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: "მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად”.
- 25
სერობის შემდეგ სასმისი აიღო და თქვა: "ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად, ყოველთვის, როცა დალევთ”.
- 26
რადგან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ, ვიდრე ის მოვიდოდეს.
- 27
ამიტომ, ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე.
- 28
ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ისე ჭამოს ამ პურიდან და დალიოს ამ სასმისიდან.
- 29
ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ შეუცვნია რა უფლის სხეული.
- 30
ამის გამო ბევრია თქვენ შორის უძლური და ავადმყოფი, და ბევრს სძინავს.
- 31
თვითონვე რომ განვიკითხავდეთ ჩვენს თავს, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი.
- 32
ხოლო მსჯავრდადებულნი, უფლის მიერ ვიწვრთნებით, რათა წუთისოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი.
- 33
ამიტომ, ჩემო ძმებო, როცა ერთად შეიკრიბებით საჭმელად, ერთიმეორეს დაელოდეთ.
- 34
და თუ ვინმეს შია, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრდასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაწესრიგებ.