რომაელთა 6
- 1
მაშ, რა ვთქვათ, დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს? არამც და არამც!
- 2
ჩვენ, რომლებიც მოვუკვდით ცოდვას, როგორღა ვიცხოვროთ მასში?
- 3
ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ?
- 4
ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ასე ვიაროთ განახლებულ სიცოცხლეში.
- 5
ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას.
- 6
რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვას დამონებულნი.
- 7
ვინაიდან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან მართლდება.
- 8
და თუ ჩვენ ქრისტესთან დავიხოცენით, გვწამს, რომ ვიცოცხლებთ კიდეც მასთან ერთად,
- 9
რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ უფლობს მასზე.
- 10
ვინაიდან, ის რომ მოკვდა, ერთხელ მოკვდა ყველა ცოდვისათვის, ცოცხალი კი, ღვთისათვის ცოცხლობს.
- 11
თქვენც ასევე ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში.
- 12
მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა მორჩილებად.
- 13
ნურც გადასცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უმართლობის იარაღად, არამედ ღმერთს გადაეცით თქვენი თავი, როგორც მკვდართაგან გაცოცხლებულებმა და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს.
- 14
ვინაიდან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ.
- 15
მაშ, ახლა რა, ხომ არ ვცოდოთ, რაკი რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ვართ? არამც და არამც!
- 16
ნუთუ არ იცით, რომ ვისაც გადასცემთ თქვენს თავებს, რათა იყოთ მისი მონა-მორჩილნი, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისათვის.
- 17
ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც გადაეცით თქვენი თავი.
- 18
გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით.
- 19
ადამიანურად ვამბობ, თქვენი ხორცის უძლურების გამო: როგორც გადასცემდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისათვის, ახლა ასევე გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს - განსაწმედად.
- 20
რადგან, როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან.
- 21
აბა, რა ნაყოფი გქონდათ მაშინ? საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, ვინაიდან მათი ბოლო სიკვდილია.
- 22
ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ბოლო კი - მარადიული სიცოცხლე.
- 23
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი - მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.