რომაელთა 4
- 1
რა ვთქვათ, აბრაჰამმა, ჩვენმა მამამ ხორციელად მოიპოვა რაიმე?
- 2
თუ საქმეებით გამართლდა აბრაჰამი, აქვს დასაკვეხნი, ოღონდ არა ღვთის წინაშე.
- 3
ვინაიდან, რას ამბობს წერილი? "ერწმუნა აბრაჰამი ღმერთს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ”.
- 4
საქმის აღმსრულებელს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ ვალდებულების მიხედვით;
- 5
მას კი, ვინც არ აღასრულებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამმართლებელი, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ.
- 6
როგორც დავითიც ამბობს იმ ადამიანის ნეტარებაზე, რომელსაც ღმერთი საქმეთა გარეშე უთვლის სიმართლეს:
- 7
ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა.
- 8
ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი.
- 9
მაშ, ეს ნეტარება წინადაცვეთაზეა თუ წინადაუცვეთელობაზეც? ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ აბრაჰამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ.
- 10
როდის ჩაეთვალა? წინადაცვეთილს თუ წინადაუცვეთელს? არა წინადაცვეთილს, არამედ წინადაუცვეთელს.
- 11
ხოლო წინადაცვეთის ნიშანი მიიღო ბეჭდად რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთლობისას ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლედ:
- 12
ასევე წინადაცვეთილთა მამა, ოღონდ არა მარტო წინადაცვეთილთა, არამედ მათიც, ვინც მიჰყვება ჩვენი მამის აბრაჰამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.
- 13
ვინაიდან აბრაჰამს და მის თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა - ყოფილიყო ქვეყნიერების მემკვიდრე.
- 14
თუ რჯულისაგანნი არიან მემკვიდრენი, რწმენა ამაოა და აღთქმა - უსარგებლო.
- 15
ვინაიდან რჯული წარმოქმნის რისხვას, ხოლო, სადაც არ არის რჯული, იქ არც დანაშაულია.
- 16
ამიტომ რწმენით, რათა მადლით ყოფილიყო, რომ მთელი შთამომავლობისთვის ურყევი ყოფილიყო აღთქმა, არა მარტო მათთვის ვინც რჯულისგანაა, არამედ მათთვისაც, ვისაც აბრაჰამის მსგავსი რწმენა აქვს, აბრაჰამისა, რომელიც ყველა ჩვენგანის მამაა.
- 17
როგორც წერია: "მე დაგაყენე მრავალი ერის მამად ღვთის წინაშე”. ღვთისა, რომელსაც ერწმუნა იგი; ღვთისა, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არარსებულს ყოფად მოუწოდებს.
- 18
რომელიც უიმედობაში ერწმუნა იმედით, რათა გამხდარიყო მრავალი ერის მამა, როგორც ნათქვამია: "ასე იქნება შენი თესლი”.
- 19
არ შესუსტებია რწმენა, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის ასი წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო.
- 20
და არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს.
- 21
და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა.
- 22
ამიტომაც ჩაეთვალა მას სიმართლედ.
- 23
და არა მარტო მისთვის არის დაწერილი, რომ ჩაეთვალა მას,
- 24
არამედ ჩვენთვისაც; ჩაგვეთვლება ჩვენც, იმის მორწმუნეებს, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო,
- 25
რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისთვის და აღდგა ჩვენდა გამართლებად.