რომაელთა 2
- 1
ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან იმასვე სჩადიხარ, რისთვისაც განიკითხავ.
- 2
ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩადენისათვის.
- 3
შენ კი ადამიანო, რომელიც ასამართლებ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს?
- 4
თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?
- 5
ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენთვისვე იხვეჭ რისხვას, იმ დღისთვის, როცა გამოცხადდება რისხვა და მართლმსაჯულება ღვთისა,
- 6
რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს:
- 7
მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას - საუკუნო სიცოცხლეს;
- 8
ხოლო მათ, ვინც ანგარია და არ ემორჩილება ჭეშმარიტებას, არამედ უმართლობას გადაეცა - რისხვასა და გულისწყრომას.
- 9
ჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანზე, ვინც ბოროტს სჩადის - ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენსაც.
- 10
ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა სიკეთის ყოველ მქნელს - იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც.
- 11
რადგან ღმერთთან არ არსებობს პირმოთნეობა.
- 12
ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან; ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან.
- 13
ვინაიდან რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან,
- 14
რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავისი თავის რჯული არიან.
- 15
რომლებიც წარმოაჩენენ, გულებში დაწერილ რჯულის საქმეს, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ,
- 16
იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით, ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ზრახვებს.
- 17
აჰა, შენ გქვია იუდეველი, და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით,
- 18
იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გაქვს ნასწავლი.
- 19
და გჯერა, რომ ბრმების მეგზური ხარ და ნათელი ბნელში მყოფთათვის,
- 20
უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, რომელსაც ცოდნისა და ჭეშმარიტების სახე აქვს რჯულში.
- 21
როგორაა, სხვების მასწავლებელი, საკუთარ თავს რომ არ ასწავლი?
- 22
ჰქადაგებ - არ მოიპაროო, - და იპარავ! ამბობ - არ იმრუშოო, - და მრუშობ! კერპები გეზიზღება და საკერპოებს ძარცვავ?!
- 23
რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს უპატიოჰყოფ.
- 24
რადგან თქვენი გულისათვის, როგორც წერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში.
- 25
ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ; ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთელობად იქცა.
- 26
მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება?
- 27
ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, შენი წერილითა და წინადაცვეთით, რჯულის დამრღვევს.
- 28
ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე.
- 29
არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანად არის, და წინადაცვეთილობა ისაა, რაც გულით არის, სულში და არა ასოში; რისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა.