რომაელთა 13
- 1
ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი.
- 2
ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე, ღმერთის დადგენილებას ეწინააღმდეგება, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.
- 3
რადგან მთავრები კეთილის მოქმედთათვის კი არ არიან საშიშნი, არამედ ბოროტ საქმეთა ჩამდენთათვის. გინდა, რომ არ გეშინოდეს ხელისუფლების? კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან;
- 4
ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს; ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე.
- 5
ამიტომ გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინდისის გამოც.
- 6
სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ მიძღვნილნი არიან ამ საქმეზე.
- 7
ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, ვისაც შიში - შიში, ვისაც პატივი - პატივი.
- 8
არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს.
- 9
რადგან მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუ მოწმე, არ ინდომო და სხვა ამგვარნი შედის ამ სიტყვაში: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
- 10
სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა.
- 11
მაშ ასე, იმოქმედეთ, რადგან იცით რა დროა ახლა, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.
- 12
ღამე მიდის და დღე ახლოვდება. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.
- 13
მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა ღრეობითა და ლოთობით, არა გარყვნილებითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით,
- 14
არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და სხეულზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.