2 პეტრე 1
- 1
სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით:
- 2
მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ ღმერთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნებით,
- 3
ისე, როგორც მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისკენ მოგვიწოდა,
- 4
რომელთა მიერაც მოგვეცა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათი მეშვეობით გავხდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი, განვერიდებით რა გულისთქმით გამოწვეულ ხრწნილებას ამ ქვეყანაზე.
- 5
და ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ, რომ შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება, სათნოებას - შემეცნება,
- 6
შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, მოთმინებას - ღვთისმოსაობა,
- 7
ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული.
- 8
ვინაიდან თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებაში.
- 9
ხოლო, ვისაც ესენი არ გააჩნია, ის ბრმაა და ბეცი, და დაავიწყდა თავისი ძველი ცოდვებისგან განწმედა.
- 10
ამიტომ, ძმებო, კიდევ უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ,
- 11
და ასე უფრო ფართოდ გაიღება თქვენს წინაშე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სამეფოს კარი.
- 12
ამიტომ გამუდმებით შეგახსენებთ ამას, თუმცა იცით და მტკიცედ დგახართ ახლანდელ ჭეშმარიტებაში.
- 13
და სწორად მიმაჩნია, სანამ ამ კარავში ვიმყოფები, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ.
- 14
რადგან ვიცი, რომ მალე უნდა დავტოვო ჩემი კარავი, როგორც ჩვენმა უფალმა, იესო ქრისტემ გამომიცხადა.
- 15
ამიტომ შევეცდები, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას.
- 16
ვინაიდან მოხერხებულად შეთხზული ამბების მოყოლით კი არ გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალა და მოსვლა, არამედ საკუთარი თვალით ვიხილეთ მისი სიდიადე.
- 17
რადგან მან მამა ღმერთისგან მიიღო პატივი და დიდება, როდესაც ხმა გამოვიდა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე.
- 18
და ჩვენ თვითონ გავიგონეთ ზეციდან ჩამოსული ეს ხმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.
- 19
ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში.
- 20
პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არც ერთი წინასწარმეტყველება არ განიმარტება თავისით.
- 21
ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.