1 პეტრე 3
- 1
ასევე თქვენ, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, უსიტყვოდ იქნენ შეძენილნი ცოლების ქცევით,
- 2
იხილავენ რა თქვენს სუფთა და მოშიშ ქცევას.
- 3
ზედაპირული ნუ იქნება თქვენი მშვენება: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა ან ჩაცმულობაში,
- 4
არამედ შინაგან, დაფარულ კაცში, უხრწნელ სილამაზეში, ფაქიზ და მშვიდ სულში, რაც ესოდენ ძვირფასია ღმერთის წინაშე.
- 5
ასე იმკობდნენ თავს წარსულში ღმერთის მოიმედე წმიდა ცოლები, ემორჩილებოდნენ რა თავიანთ ქმრებს.
- 6
როგორც სარა დაემორჩილა და ბატონი უწოდა აბრაჰამს, ვისი შვილებიც ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.
- 7
ასევე თქვენც ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უფრო სათუთ ჭურჭლებს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.
- 8
და ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათამოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი,
- 9
ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც ლანძღვას ლანძღვის წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.
- 10
რადგან ვისაც უყვარს სიცოცხლე და კეთილდღეობის ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან მზაკვრულს.
- 11
ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, მშვიდობას ეძიებდეს და მისკენ ისწრაფოდეს,
- 12
რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი - მათი ვედრების მიმართ; ხოლო მისი სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.
- 13
ბოროტს ვინ გაგიკეთებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით?
- 14
მაგრამ ნეტარნი ხართ, სიმართლისთვის ტანჯვაც რომ მოგიწიოთ. მათი შიშით ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით.
- 15
წმიდა ჰყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.
- 16
კეთილი სინდისი იქონიეთ, რათა ისინი, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, შერცხვნენ თავიანთი სიტყვების გამო, როდესაც თქვენს კეთილ ცხოვრებას დაინახავენ ქრისტეში.
- 17
რადგან, თუ ღმერთს ნებავს, უმჯობესია კარგი საქმეების გამო იტანჯოთ, ვიდრე ბოროტ საქმეთა გამო.
- 18
რადგან ერთხელ ქრისტეც მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, მართალი - უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მივეყვანეთ; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
- 19
რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში მყოფ სულებს -
- 20
ოდესღაც რომ არ დაემორჩილნენ ღმერთს, რომელიც სულგრძელობით მოელოდა მათ ნოეს დღეებში, სანამ მზადდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ანუ რვა სული გადარჩა წყლისაგან;
- 21
ეს ნათლობის ხატება იყო - რაც ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის შეპირება ღვთისთვის - რომელიც ამჟამად გიხსნით იესო ქრისტეს აღდგომით,
- 22
რომელიც ღმერთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.