1 პეტრე 1
- 1
პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული, პონტოში, გალატიაში, კაბადოკიაში, აზიასა და ბითვინიაში განთესილ რჩეულ ხიზნებს.
- 2
მამა ღმერთის წინასწარი განჭვრეტით ამორჩეულებს და სულის მიერ განწმედით იესო ქრისტესადმი დასამორჩილებლად და მისი სისხლის საპკურებლად - მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ.
- 3
კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობითა და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ხელახლა გვშვა ჩვენ ცოცხალი იმედით.
- 4
უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისთვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის,
- 5
ღვთის ძალით დაცულნო - რწმენის მეშვეობით - ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.
- 6
ამით გაიხარეთ, თუმცა ამჟამად - თუ საჭიროა - სხვადასხვა განსაცდელით მცირედ გატანჯულნო.
- 7
რათა თქვენი გამოწრთობილი რწმენა, ცეცხლში გამობრძმედილ, ხრწნად ოქროზე ბევრად ძვირფასი აღმოჩნდეს, ქების, პატივისა და დიდებისთვის იესო ქრისტეს გამოჩენისას,
- 8
ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ; და ხარობთ გამოუთქმელი, დიდი სიხარულით,
- 9
რადგან იმკვიდრებთ თქვენი რწმენის მიზანს - სულის ხსნას,
- 10
ამ ხსნას იძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, თქვენთვის განკუთვნილ მადლზე რომ წინასწარმეტყველებდნენ.
- 11
იკვლევდნენ, როგორ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას.
- 12
რომელთაც გამოეცხადათ, რომ მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ მახარებლისგან, ციდან მოვლენილი სულიწმიდის მიერ, და რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.
- 13
ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.
- 14
როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით უმეცრების დროინდელ გულისთქმებს.
- 15
არამედ ისეთი წმიდანი იყავით ყოველ საქციელში, როგორი წმიდაცაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ.
- 16
ვინაიდან დაწერილია: "იყავით წმიდანი, რადგან წმიდა ვარ მე”.
- 17
თუ მამას უწოდებთ იმას, ვინც მიუკერძოებლად, ყველას საქმეთა მიხედვით განიკითხავს, მაშინ მოშიშებით გაატარეთ თქვენი ხიზნობის დრო.
- 18
რადგან იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი, მამებისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ამაო გზიდან,
- 19
არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,
- 20
რომელიც წუთისოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს მოგვევლინა თქვენი გულისთვის,
- 21
ვინც მის მიერ იწამეთ ღმერთი, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი და მისცა მას დიდება, რათა გქონდეთ რწმენა და ღვთის იმედი.
- 22
და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები - უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.
- 23
რადგან ხელახლა ხართ შობილნი არა ხრწნადი თესლისგან, არამედ უხრწნადისგან - ღმერთის ცოცხალი და საუკუნო სიტყვის მიერ.
- 24
რადგან ყოველი ხორციელი ბალახს ჰგავს და ადამიანის ყოველი დიდება ბალახის ყვავილს. გახმა ბალახი და დაცვივდა მისი ყვავილიც.
- 25
უფლის სიტყვა კი უკუნისამდე მკვიდრობს. და ეს ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.