იაკობი 4
- 1
საიდან მომდინარეობს ბრძოლები და შეხლა-შემოხლანი თქვენს შორის, თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენ ასოებს შორის იბრძვიან?
- 2
გწადიათ და არ გაგაჩნიათ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ საწადელს. იბრძვით და ომობთ, მაგრამ არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ.
- 3
ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტი განზრახვით ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმებისთვის გაფლანგოთ.
- 4
მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება!
- 5
იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს“.
- 6
თუმცა, უფრო მეტ მადლსაც იძლევა; ამიტომაც ამბობს: "ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს”.
- 7
ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.
- 8
ღმერთს მიუახლოვდით და ისიც მოგიახლოვდებათ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო! განიწმიდეთ გულები, ორგულნო!
- 9
დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად.
- 10
დამდაბლდით უფლის წინაშე და ის აგამაღლებთ თქვენ.
- 11
ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ძმის დამძრახავი და განმკითხველი, რჯულს ძრახავს და რჯულს განიკითხავს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარ ხარ, არამედ განმკითხველი.
- 12
ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც ხსნაც შეუძლია და დაღუპვაც. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?
- 13
ახლა თქვენ, ვინც ამბობთ - დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო;
- 14
თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.
- 15
ნაცვლად იმისა, რომ თქვათ - თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო.
- 16
თქვენ კი ამპარტავნობაში ტრაბახობთ; ყოველი ასეთი ტრაბახი ბოროტებაა.
- 17
ამიტომ ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, სცოდავს.