საქმენი მოციქულთა 7
- 1
მაშინ ჰკითხა მღვდელმთავარმა: "ასეა, როგორც ამბობენ?”
- 2
მან თქვა: "კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ! დიდების ღმერთი ეჩვენა ჩვენს მამას აბრაჰამს შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დამკვიდრდებოდა.
- 3
და უთხრა: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
- 4
მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და დაემკვიდრა ხარანში. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოიყვანა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ მკვიდრობთ.
- 5
მასში ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდროდ, ოღონდ აღუთქვა, რომ მისცემდა სამკვიდრებლად მას და მის თესლს მის შემდეგ, თუმცა ჯერ შვილიც არ ჰყავდა.
- 6
ღმერთმა უთხრა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ და ავად მოექცეოდნენ ოთხას წელიწადს.
- 7
მე განვიკითხავ იმ ხალხს, ვისთანაც მონებად იქნებიან, თქვა ღმერთმა, მერე გამოვლენ იქიდან და მემსახურებიან ამ ადგილზე.
- 8
და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. შვა მან ისაკი და წინადაცვითა იგი მერვე დღეს, ისაკმა კი - იაკობი, ხოლო იაკობმა - თორმეტი მამამთავარი.
- 9
შეშურდათ მამამთავრებს იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.
- 10
იხსნა იგი ყოველი გასაჭირიდან და უბოძა მას სიბრძნე და წყალობა ეგვიპტის მეფის, ფარაონის წინაშე, და დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის მმართველად.
- 11
შიმშილობა და დიდი განსაცდელი ჩამოვარდა მთელ ეგვიპტესა და ქანაანში; საზრდოს ვეღარ შოულობდნენ ჩვენი მამები.
- 12
როცა ესმა იაკობს, ეგვიპტეშიაო პური, ჯერ ჩვენი მამები გააგზავნა.
- 13
მეორე ჯერზე გაუმხილა იოსებმა თავისი თავი ძმებს და ცნობილი გახდა ფარაონისთვის იოსების წარმომავლობა.
- 14
გაგზავნა იოსებმა და მოიწვია მამამისი იაკობი და მთელი თავისი ნათესაობა, სამოცდათხუთმეტი სული.
- 15
ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში; იქვე გარდაიცვალნენ ისიც და ჩვენი მამებიც.
- 16
იქიდან შექემს გადმოასვენეს და იმ სამარხში მოათავსეს, აბრაჰამმა რომ იყიდა ვერცხლის ფასად ემორის ძეთაგან.
- 17
ღმერთის მიერ აბრაჰამისთვის მიცემული აღთქმის შესრულების ჟამის მოახლოვებასთან ერთად ხალხი მატულობდა და მრავლდებოდა ეგვიპტეში,
- 18
ვიდრე აღდგებოდა ეგვიპტეზე სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.
- 19
ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს მოდგმას, ავად ექცეოდა მამებს, რათა გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ.
- 20
იმ დროს დაიბადა მოსე, რომელიც მშვენიერი იყო ღვთის წინაშე. სამ თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა.
- 21
როცა გადააგდეს, ფარაონის ასულმა აიყვანა იგი და თავის შვილად გაზარდა.
- 22
ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა მოსე და იყო ძლიერი თავის სიტყვებსა თუ საქმეებში.
- 23
ორმოცი წელი რომ შეუსრულდა, გულში სურვილი გაუჩნდა თავისი ძმები, ისრაელიანები მოენახულებინა.
- 24
დაინახა, რომ ვიღაცას ჩაგრავდენ. გამოესარჩლა, შური იძია ჩაგრულისთვის და მოკლა ეგვიპტელი.
- 25
ეგონა მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ.
- 26
მეორე დღეს მოევლინა მათ, როცა ჩხუბობდნენ ერთმანეთში; მოუწოდა მათ მშვიდობისკენ და უთხრა: კაცებო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?
- 27
მაგრამ მოყვასის დამჩაგვრელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ვინ დაგნიშნა ჩვენს მთავრად და მსაჯულად?
- 28
ხომ არ გინდა მეც მომკლა, როგორც ეგვიპტელი მოკალი გუშინ?
- 29
ეს სიტყვები რომ გაიგონა, გაიქცა მოსე და მიდიამის ქვეყანაში გაიხიზნა, სადაც ორი ვაჟი შეეძინა.
- 30
ორმოცი წელი რომ გავიდა, უფლის ანგელოზი ეჩვენა ალმოდებული ბუჩქიდან, სინაის მთის უდაბნოში.
- 31
გაოცდა ამ სანახაობის შემყურე მოსე; ხოლო რომ მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა:
- 32
მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა. აკანკალდა მოსე და შეხედვა ვეღარ გაბედა.
- 33
უთხრა უფალმა: გაიხადე ფეხსაცმელი შენი ფეხიდან, რადგან ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა.
- 34
ვიხილე ჩემი ხალხის შეჭირვება ეგვიპტეში, მისი კვნესა გავიგონე და ჩამოვედი მის გამოსახსნელად. ახლა წადი, მე გაგზავნი ეგვიპტეში.
- 35
ეს ის მოსეა, რომელიც უარყვეს მათ და უთხრეს: ვინ დაგნიშნაო ჩვენს მთავრად და მსაჯულად. ღმერთმა მთავრად და მხსნელად იგი
- 36
მან გამოიყვანა ისინი; ახდენდა სასწაულებსა და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე.
- 37
ეს არის მოსე, რომელმაც ისრაელიანებს უთხრა: ღმერთი ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენს ძმათაგან, მას უსმინეთ!
- 38
ეს ის არის, ვინც უდაბნოში იყო კრებულში, სინაის მთაზე მასთან მოლაპარაკე ანგელოზთან და ჩვენს მამებთან ერთად; და ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა;
- 39
ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისკენ მიიქცნენ თავიანთი გულებით.
- 40
უთხრეს აჰარონს: გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, რადგან არ ვიცით, რა დაემართა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის მიწიდან.
- 41
გააკეთეს იმ დღეებში ხბო, მსხვერპლი შესწირეს კერპს და შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას.
- 42
ხოლო ღმერთმა ზურგი აქცია მათ და ციური მხედრობისთვის თაყვანსაცემად გადასცა ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: ისრაელის სახლო, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში, ორმოც წელიწადს?
- 43
მოლოქის კარავს დაატარებდით და რომფა-ღმერთის ვარსკვლავს, გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; მეც გაგასახლებთ ბაბილონს იქით.
- 44
მოწმობის კარავი იყო ჩვენს მამებთან უდაბნოში, როგორც დაუდგინა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახის მიხედვით, რომელიც იხილა.
- 45
ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იეშუასთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ჩვენი მამების პირიდან განდევნა ღმერთმა. ასე იყო დავითის დღეებამდე.
- 46
მან მადლი ჰპოვა ღვთის წინაშე და სთხოვდა, რომ სამკვიდრებელი ეპოვა იაკობის ღმერთისთვის.
- 47
თუმცა სოლომონმა აუგო მას სახლი.
- 48
მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში კი არ არის დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს:
- 49
ცა ტახტია ჩემი, დედამიწა - ჩემს ფეხთა სადგამი. როგორ სახლს ამიშენებთ მე, ან სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი?
- 50
განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე?
- 51
ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც!
- 52
წინასწარმეტყველთაგან რომელს არ სდევნიდნენ თქვენი მამები? მათ მოკლეს ისინი, წინასწარ რომ აუწყებდნენ მართლის მოსვლას, ვისი გამცემნიც და მკვლელნიც ახლა თქვენ გახდით!
- 53
თქვენ, რომლებმაც ანგელოზთა მეშვეობით მიიღეთ რჯული და არ დაიცავით იგი!”
- 54
ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ მასზე.
- 55
ხოლო მან, სულიწმიდით აღსავსემ, ახედა ცას და დაინახა ღვთის დიდება და უფლის მარჯვნივ მდგარი იესო.
- 56
თქვა: "აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს”.
- 57
მათ კი ხმამაღალი ყვირილით დაიცვეს ყურები და ერთსულოვნად ეძგერნენ მას.
- 58
ქალაქგარეთ გაათრიეს და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფერხთით, რომელსაც სავლე ერქვა.
- 59
ქვას რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: "უფალო იესო, მიიღე ჩემი სული”.
- 60
მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: "უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას”. ეს თქვა და განისვენა.