საქმენი მოციქულთა 13
- 1
ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველები და მოძღვრები: ბარნაბა და სიმონი, ნიგერი რომ ერქვა, ლუციუს კვირინელი და მანაინი - მეოთხედმთავარ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე.
- 2
უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: "გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.
- 3
მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.
- 4
სულიწმიდის მიერ მივლინებულნი სელევკიაში ჩავიდნენ, ხოლო იქიდან კვიპროსისკენ გასცურეს.
- 5
სალამისში ყოფნისას იუდეველთა სინაგოგებში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას; იოანე კი მათ ემსახურებოდა.
- 6
პაფომდე რომ მოიარეს მთელი კუნძული, ნახეს ერთი გრძნეული და ცრუწინასწარმეტყველი იუდეველი, სახელად ბარიესუ,
- 7
რომელიც პროკონსულ სერგიუს-პავლიუსთან, გონიერ კაცთან იყო. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს, ვინაიდან ღვთის სიტყვის მოსმენა სურდა.
- 8
თუმცა წინ აღუდგა მათ გრძნეული ელიმასი (ასე ითარგმნება მისი სახელი), და ცდილობდა რწმენისგან გადაეცდინა პროკონსული.
- 9
სავლე, იგივე პავლე, სულიწმიდით აივსო, მიაპყრო მას მზერა
- 10
და უთხრა: "ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით აღვსილო, ეშმაკის ძეო და სიმართლის მტერო, აღარ მოეშვები უფლის სწორი გზების გამრუდებას?
- 11
აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი, დაბრმავდები და დრომდე ვეღარ დაინახავ მზეს”. მაშინვე დაეშვა მასზე წყვდიადი და სიბნელე, აქეთ-იქით აწყდებოდა და გამძღოლს ეძებდა.
- 12
დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით გაოცებულმა.
- 13
პაფოდან რომ წავიდნენ, პავლე და მასთან მყოფნი პამფილიის პერგეში მივიდნენ; ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.
- 14
ისინი კი პერგეს გავლით პისიდიის ანტიოქიაში მივიდნენ, შაბათ დღეს სინაგოგაში შევიდნენ და დასხდნენ.
- 15
რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის დასრულების შემდეგ სინაგოგის უფროსებმა კაცი მიუგზავნეს მათ და უთხრეს: "კაცნო, ძმანო, თუ რამე შეგონების სიტყვა გაქვთ ამ ხალხისთვის სათქმელი, თქვით”.
- 16
პავლე ადგა, ხელით ანიშნა და თქვა: "კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ!
- 17
ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები, აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და შემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
- 18
ასაზრდოებდა მათ უდაბნოში, ასე ორმოც წელიწადს.
- 19
მოსპო შვიდი ერი ქანაანის მიწაზე და დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
- 20
ამის შემდეგ, ასე ოთხას ორმოცდაათ წელიწადს მსაჯულებს აძლევდა მათ, წინასწარმეტყველ სამუელამდე.
- 21
მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, ორმოცი წლის მანძილზე.
- 22
მისი მოცილების შემდეგ, მეფედ დავითი აამაღლა მათთვის, რომლის შესახებ თქვა დამოწმებით: ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს.
- 23
ღმერთმა აღთქმისამებრ მისი თესლიდან აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო.
- 24
სწორედ მისი მოსვლის წინ უქადაგებდა იოანე ისრაელის მთელ ხალხს მონანიების ნათლისღებას.
- 25
თავის სარბიელს რომ ასრულებდა, იოანემ თქვა: თქვენ რომ გგონივართ, მე ის არა ვარ, არამედ, აჰა, მოდის ჩემ შემდეგ ის, ვისი სანდლის შეხსნის ღირსიც არა ვარ!
- 26
კაცნო, ძმანო, აბრაჰამის მოდგმის ძენო, თქვენ შორის ღვთისმოშიშნო, თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა!
- 27
ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ ცნეს იგი, დასაჯეს და ამით შეასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, ყოველ შაბათს რომ იკითხება.
- 28
ვერავითარი სასიკვდილო ბრალდება რომ ვერ მოუნახეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა.
- 29
როცა აღსრულდა ყოველივე, მასზე რომ დაიწერა, ჩამოხსნეს ძელიდან და სამარხში დაასვენეს.
- 30
ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა იგი.
- 31
მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც, ახლა მასზე ამოწმებენ ხალხის წინაშე.
- 32
და ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, მამებს რომ მისცა,
- 33
ღმერთმა ჩვენ, მათ შვილებს, შეგვისრულა და აღგვიდგინა იესო. როგორც მეორე ფსალმუნში წერია: ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ.
- 34
ხოლო რაკი მკვდრეთით აღადგინა, რათა აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას, ასე თქვა: მოგცემთ თქვენ სიწმიდეს, დავითისთვის აღთქმულს.
- 35
ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.
- 36
თუმცა დავითმა, რომელიც თავის თაობაში ღვთის ნებით მსახურებდა, განისვენა, თავის მამებს შეუერთდა და იხილა ხრწნილება.
- 37
მან კი, ღმერთმა რომ აღადგინა, ხრწნილება არ იხილა!
- 38
ცნობილი იყოს თქვენთვის, კაცნო, ძმანო, რომ ცოდვების მიტევება მის მიერ გეუწყებათ.
- 39
ყოველივესგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ გამართლდით, მასში მართლდება ყველა მორწმუნე.
- 40
გაფრთხილდით, რომ არ მოგეწიოთ წინასწარმეტყველებებში ნათქვამი:
- 41
იხილეთ, აბუჩად ამგდებნო, განცვიფრდით და განადგურდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის”.
- 42
იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ევედრებოდა მათ ხალხი, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები.
- 43
როცა დაიშალა კრებული, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი პროზელიტი მიჰყვა პავლეს და ბარნაბას; ისინი კი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში.
- 44
მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად.
- 45
იუდევლებმა ამდენი ხალხი რომ დაინახეს, შურით აღივსნენ და პავლეს ნათქვამის საწინააღმდეგოდ დაიწყეს ლაპარაკი და გმობა.
- 46
მაშინ პავლემ და ბარნაბამ მხნეობა მოიკრიბეს და თქვეს: "პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად ხდით თქვენს თავს, აჰა, წარმართებს მივუბრუნდებით.
- 47
ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე წარმართთა სინათლედ, რომ შენ მიიტანო ხსნა ქვეყნის კიდეებამდე.
- 48
ეს რომ გაიგეს, გაიხარეს წარმართებმა; ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისთვის იყო განწესებული.
- 49
უფლის სიტყვა კი მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა.
- 50
მაგრამ წააქეზეს იუდევლებმა ღვთისმოშიში ქალები, ქალაქის წარჩინებულნი და მთავარნი, და იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გამოაძევეს თავიანთი საზღვრებიდან.
- 51
მათ ფეხიდან მტვერი ჩაიბერტყეს და იკონიაში წავიდნენ.
- 52
მოწაფეები კი აღივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.