იოანე 6
- 1
ამის შემდეგ, იესო გალილეის ანუ ტიბერიის ზღვის გაღმა გავიდა.
- 2
უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, რადგან იხილეს სასწაულები, ავადმყოფებზე რომ ახდენდა.
- 3
იესო ავიდა მთაზე და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად.
- 4
ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული.
- 5
გაიხედა იესომ და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მასთან. ჰკითხა ფილიპეს: "სად ვიყიდოთ პური, რომ მათ ვაჭამოთ?”
- 6
ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თვითონ კი იცოდა, რასაც მოიმოქმედებდა.
- 7
მიუგო ფილიპემ: "თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც რომ ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფათ”.
- 8
ერთ-ერთმა მის მოწაფეთაგან, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ უთხრა:
- 9
"აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამოდენა ხალხისთვის?”
- 10
თქვა იესომ: "დასხით ხალხი”. იმ ადგილზე ხშირი ბალახი იყო. რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი დაჯდა.
- 11
იესომ პურები აიღო, მადლი შესწირა და მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი - იქ მსხდომთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა.
- 12
რომ დანაყრდნენ, თავის მოწაფეებს უთხრა: "მოაგროვეთ ნარჩენები, რომ არაფერი დაიკარგოს”.
- 13
მოაგროვეს და თორმეტი გოდორი აავსეს, ქერის იმ ხუთი პურის ნარჩენით, ჭამის შემდეგ რომ დარჩა.
- 14
მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: "ეს არის ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო წუთისოფელში”.
- 15
იესომ იცოდა, რომ მოსვლას, მის შეპყრობას და გამეფებას აპირებდნენ, ამიტომ, კვლავ განმარტოვდა მთაზე.
- 16
მოსაღამოვებულზე მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ,
- 17
ავიდნენ ნავზე და გაღმა, კაპერნაუმისკენ გაემართნენ. ჩამობნელდა, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან.
- 18
ძლიერი ქარი ამოვარდა და ზღვა აღელდა.
- 19
ოცდახუთი თუ ოცდაათი სტადიონი რომ გაცურეს, ზღვაზე მომავალი იესო დაინახეს, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეშინდნენ;
- 20
მან კი უთხრა მათ: "მე ვარ, ნუ გეშინიათ”.
- 21
უნდოდათ, ნავზე აეყვანათ იგი, მაგრამ ნავი მაშინვე იმ ნაპირთან აღმოჩნდა, საითაც მიცურავდნენ.
- 22
მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგარმა ხალხმა დაინახა, რომ იქ სხვა ნავი არ იყო, გარდა ერთისა, რომელშიც მისი მოწაფეები ჩასხდნენ; იესო კი არ მჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს.
- 23
ტიბერიიდან სხვა ნავებიც მოცურდნენ იმ ადგილის მახლობლად, სადაც პური ჭამეს, მას შემდეგ, რაც უფალმა მადლობა შესწირა.
- 24
დაინახა ხალხმა, რომ იქ აღარც იესო იყო და აღარც მისი მოწაფეები, ამიტომ თავადაც ჩასხდნენ ნავებში და კაპერნაუმში მივიდნენ იესოს საძებნელად.
- 25
ზღვის გაღმა რომ მიაგნეს, ჰკითხეს: "რაბი, აქ როდის მოხვედი?”
- 26
უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სასწაულის გამო კი არ მეძებთ, რომელიც იხილეთ, არამედ იმის გამო, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.
- 27
ხრწნადი საზრდოსთვის ნუ გაირჯებით, არამედ იმ საზრდოსთვის გაისარჯეთ, რომელიც საუკუნო სიცოცხლეს იძლევა, და რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა”.
- 28
ჰკითხეს: "როგორ მოვიქცეთ, რომ ღმერთის საქმენი ვაკეთოთ?”
- 29
იესომ მიუგო: "ეს არის ღმერთის საქმე, რომ ირწმუნოთ ის, ვინც მან მოავლინა”.
- 30
ამაზე უთხრეს: "რა ნიშანს გვაჩვენებ, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ?
- 31
ჩვენი მამები მანნას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც წერია: ზეციდან მისცა მათ პური საზრდოდ”.
- 32
იესომ უთხრა მათ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან.
- 33
რადგან ღმერთის პური ის არის, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს წუთისოფელს”.
- 34
მაშინ უთხრეს: "უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური”.
- 35
უთხრა მათ იესომ: "მე ვარ სიცოცხლის პური. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება.
- 36
მაგრამ ხომ გითხარით, კიდეც მიხილავთ, მაგრამ არ მირწმუნებთ.
- 37
ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა; ხოლო ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ.
- 38
რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა.
- 39
ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ის არის, რომ რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს.
- 40
ჩემი მამის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს”.
- 41
დრტვინავდნენ იუდევლები მის გამო, რადგან თქვა: "მე ვარ პური, ზეციდან ჩამოსული”.
- 42
ამბობდნენ: "ეს ხომ იესოა, იოსების ძე, ხომ ვიცნობთ მის მამას და მის დედას? როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?”
- 43
უთხრა მათ იესომ: "ნუ დრტვინავთ ერთმანეთში.
- 44
არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა არ მოიყვანა; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
- 45
წინასწარმეტყველებში წერია: და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ. ყველა, ვინც მამას უსმენს და სწავლობს, ჩემთან მოდის.
- 46
იმიტომ კი არა, რომ ვინმეს უხილავს მამა, იმის გარდა, ვინც ღმერთისგან არის, მან იხილა მამა.
- 47
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს.
- 48
მე ვარ პური სიცოცხლისა.
- 49
თქვენმა მამებმა მანნა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ.
- 50
ეს არის პური, ზეციდან ჩამომავალი, რათა კაცმა შეჭამოს და არ მოკვდეს.
- 51
მე ვარ ცოცხალი პური, ზეციდან ჩამოსული. ვინც შეჭამს ამ პურს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, მე რომ გაძლევთ, ჩემი ხორცია, და წუთისოფლის სიცოცხლისთვის გავცემ მას”.
- 52
კამათობდნენ იუდევლები ერთმანეთში და ამბობდნენ: "როგორ შეუძლია თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად?”
- 53
იესომ უთხრა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ ჭამთ ძე კაცისას ხორცს და არ სვამთ მის სისხლს, არ გაქვთ სიცოცხლე თქვენში.
- 54
ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის მსმელს კი საუკუნო სიცოცხლე აქვს; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
- 55
რადგან ჩემი ხორცი ნამდვილი საჭმელია და ჩემი სისხლი ნამდვილი სასმელია.
- 56
ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის მსმელი ჩემში რჩება, მე კი - მასში.
- 57
როგორც მე წარმომგზავნა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი ჩემით იცოცხლებს.
- 58
ეს არის ზეციდან ჩამოსული პური; ისეთი კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანნა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს”.
- 59
ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.
- 60
ამის მოსმენისას, მის მოწაფეთაგან ბევრი ამბობდა: "მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია მისი მოსმენა?”
- 61
იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: "ეს გაცდუნებთ თქვენ?
- 62
მაშინ რაღა იქნება, თუ ძე კაცისას იქ აღმავალს იხილავთ, სადაც წინათ იყო?
- 63
სული სიცოცხლეს იძლევა, ხორცი კი უსარგებლოა; სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე.
- 64
მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ”. რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი.
- 65
უთხრა: "ამიტომ გეუბნებოდით, რომ არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული”.
- 66
ამის შემდეგ ბევრი მის მოწაფეთაგან უკან გაბრუნდა და აღარ მისდევდა მას.
- 67
უთხრა თორმეტს იესომ: "თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?”
- 68
მიუგო სიმონ-პეტრემ: "უფალო, ვიღასთან წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.
- 69
ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.
- 70
უთხრა მათ იესომ: "განა თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკია”.
- 71
ეს თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან მას, თორმეტთაგან ერთ-ერთს, უნდა გაეცა იგი.