იოანე 16
- 1
"ეს ყველაფერი გითხარით, რათა არ დაბრკოლდეთ.
- 2
სინაგოგებიდან მოგკვეთენ; და დგება ჟამი, როცა თქვენს მკვლელებს ეგონებათ, რომ ამით ღმერთს ემსახურებიან.
- 3
ასე მოგექცევიან, რადგან ვერც მამა იცნეს, ვერც მე.
- 4
ეს გელაპარაკეთ, რათა, როცა დრო დადგება, გაიხსენოთ, რომ გითხარით. თავიდანვე არ მითქვამს, რადგან თქვენთან ვიყავი.
- 5
ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ, მაგრამ თქვენგან არავინ მეკითხება, სად მიდიხარო.
- 6
თუმცა გული დაგიმწუხრდათ, ეს რომ გითხარით.
- 7
მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: თქვენთვის უმჯობესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ მას.
- 8
და როცა მოვა იგი, ამხელს წუთისოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო.
- 9
ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს;
- 10
სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვეღარ მიხილავთ;
- 11
სამსჯავროს გამო, ვინაიდან ამ ქვეყნიერების მთავარი უკვე მსჯავრდებულია.
- 12
კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ვეღარ იტვირთავთ.
- 13
მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ.
- 14
იგი მე განმადიდებს, ვინაიდან ჩემგან მიიღებს და თქვენ გამოგიცხადებთ.
- 15
ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით: ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.
- 16
"ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, ვინაიდან მამასთან მივდივარ”.
- 17
ზოგიერთმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა: "რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, ვინაიდან მამასთან მივდივარო?”
- 18
ასე ლაპარაკობდნენ: რად გვითხრა, "ცოტაცო?” არ გვესმის, რას ამბობს.
- 19
იესო მიხვდა, რომ შეკითხვა უნდოდათ; და უთხრა: "ერთმანეთს ამაზე ეკითხებით, რომ გითხარით: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც და, მიხილავთ?
- 20
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, იტირებთ და ივალალებთ, წუთისოფელი კი გაიხარებს. დამწუხრდებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად იქცევა.
- 21
დედაკაცი წუხს მშობიარობისას, რადგან მოაწია მისმა ჟამმა; ხოლო ბავშვს რომ შობს, სიხარულისგან ტანჯვა ავიწყდება, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე.
- 22
ახლა თქვენც დამწუხრებულნი ხართ, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული; და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ”.
- 23
"იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგეცემათ.
- 24
ჯერ ჩემი სახელით არაფერი გითხოვიათ. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.
- 25
ამას იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ დგება ჟამი, როცა იგავებით კი აღარ დაგელაპარაკებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ.
- 26
იმ დღეს, ჩემი სახელით შესთხოვთ; და არ გეუბნებით, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის.
- 27
ვინაიდან თვითონ მამას უყვარხართ, რაკი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმერთისგან გამოვედი.
- 28
მამისგან გამოვედი და წუთისოფელში მოვედი. ახლა კვლავ ვტოვებ წუთისოფელს და მამასთან მივდივარ”.
- 29
მოწაფეებმა უთხრეს: "აჰა, ახლა პირდაპირ ლაპარაკობ და არავითარ იგავს არ ამბობ.
- 30
ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. და მანამდე იცი, სანამ გკითხავენ რამეს. ამის გამო გვწამს, რომ ღმერთისგან გამოხვედი”.
- 31
მიუგო მათ იესომ: "ახლა გწამთ?
- 32
აჰა, დგება ჟამი, და დადგა კიდეც, როცა ყველანი გაიფანტებით, თითოეული საკუთარ სახლში, და მარტო დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, რადგან მამაა ჩემთან.
- 33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით! მე ვძლიე წუთისოფელს".