იოანე 1
- 1
დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
- 2
ის იყო დასაწყისში ღმერთთან.
- 3
ყოველივე მისი მეშვეობით შეიქმნა; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
- 4
მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.
- 5
სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.
- 6
იყო კაცი, ღვთისგან მოვლინებული. სახელი მისი იოანე.
- 7
იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ და ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით.
- 8
ის არ ყოფილა სინათლე, არამედ მოვიდა რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ.
- 9
იყო სინათლე ჭეშმარიტი, რომელიც წუთისოფლად მომსვლელ ყველა ადამიანს უნათებს.
- 10
იყო წუთისოფელში, წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი.
- 11
თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.
- 12
მაგრამ, ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.
- 13
ისინი იშვნენ არა სისხლისგან, არა ხორცის ნდომისგან, არა მამაკაცის ნდომისგან, არამედ ღვთისგან.
- 14
და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება.
- 15
იოანე მოწმობს მის შესახებ, ღაღადებს და ამბობს: "ეს იყო ის, რომლის შესახებაც ვამბობდი: ჩემ შემდეგ მომავალი, ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.
- 16
მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ.
- 17
ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა”.
- 18
ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გაგვიცხადა.
- 19
ეს იყო მოწმობა იოანესი, როცა იერუსალიმელმა იუდევლებმა მღვდელნი და ლევიანნი მიუგზავნეს, რათა ეკითხათ მისთვის: "ვინ ხარ შენ?”
- 20
მან აღიარა და არ უარყო; აღიარა: "მე არა ვარ ქრისტე”.
- 21
ჰკითხეს: "მაშ, ვინ? ელია ხარ?” მან თქვა: "არა ვარ”. "წინასწარმეტყველი ხარ?” უპასუხა: "არა”.
- 22
მაშინ უთხრეს მას: "ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ; რას იტყვი შენზე?”
- 23
მან თქვა: "მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში; მოუსწორეთ გზა უფალს, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა”.
- 24
წარმოგზავნილები ფარისეველთაგან იყვნენ.
- 25
მათ ჰკითხეს: "მაშ, რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?”
- 26
მიუგო იოანემ პასუხად: "მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენ შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ!
- 27
ის ჩემ შემდეგ მოდის და მე მისი სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ”.
- 28
ეს მოხდა ბეთანიაში, იორდანეს გაღმა, სადაც ნათლავდა იოანე.
- 29
მეორე დღეს მისკენ მომავალი იესო რომ დაინახა, თქვა: "აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს.
- 30
ეს არის, რომელზეც ვთქვი: ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.
- 31
მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს”.
- 32
ამოწმებდა იოანე და ამბობდა: "ვიხილე ციდან გადმომავალი სული, როგორც მტრედი და დაივანა მასზე.
- 33
მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლად, მან მითხრა: ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და მასზე დავანებული, ის არის, ვინც მონათლავს სულიწმიდით.
- 34
მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა”.
- 35
მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი.
- 36
დაინახა მომავალი იესო და თქვა: "აჰა, კრავი ღვთისა”.
- 37
გაიგონა მისი ნათქვამი ორმა მოწაფემ და გაჰყვა იესოს.
- 38
იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან და ჰკითხა მათ: "რა გინდათ?” ხოლო მათ უპასუხეს: "რაბი, სად ცხოვრობ?”
- 39
უთხრა მათ: "წამოდით და ნახეთ”. წავიდნენ და ნახეს, სადაც ცხოვრობდა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა ასე მეათე საათი.
- 40
ერთი ამ ორთაგან, რომელმაც იოანესგან მოისმინა და გაჰყვა მას, იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი.
- 41
მან უპირველეს ყოვლისა თავისი ძმა სიმონი მოძებნა და უთხრა: "ჩვენ ვიპოვეთ მესია”. - რაც ითარგმნება როგორც ქრისტე.
- 42
მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: "შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან გერქმევა კეფა”, - რაც ითარგმნება როგორც კლდე.
- 43
მეორე დღეს გალილეაში წასვლა მოისურვა; იპოვა ფილიპე და უთხრა იესომ: "გამომყევი”.
- 44
ფილიპე ბეთსაიდადან იყო, ანდრიასა და პეტრეს ქალაქიდან.
- 45
ფილიპემ იპოვა ნათანაელი და უთხრა: "ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც წერს მოსე რჯულში და აგრეთვე წინასწარმეტყველნი - იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან”.
- 46
მიუგო ნათანაელმა: "განა შეიძლება ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე იყოს?” უთხრა ფილიპემ: "წამო და ნახე”.
- 47
იესომ მისკენ მიმავალი ნათანაელი რომ დაინახა, თქვა: "აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიანი, ვისშიც არ არის მზაკვრობა”.
- 48
ჰკითხა ნათანაელმა: "საიდან მიცნობ?” მიუგო იესომ: "ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე”.
- 49
მიუგო მას ნათანაელმა: "რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა!”
- 50
უთხრა იესომ: "იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? ამაზე მეტს იხილავ!”
- 51
უთხრა მას: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ კაცის ძეზე!”