ლუკა 20
- 1
ერთ დღეს, ხალხს რომ ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიუხდნენ მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი უხუცესებთან ერთად,
- 2
და ჰკითხეს: "გვითხარი, რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას ან ვინ მოგცა ეს ხელმწიფება
- 3
მიუგო და უთხრა მათ: "მეც გკითხავთ ერთ რამეს და მიპასუხეთ:
- 4
იოანეს ნათლობა ზეციდან იყო თუ კაცთაგან?”
- 5
ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: "თუ ვიტყვით, ზეციდანო, გვეტყვის: მაშ, რატომ არ ერწმუნეთო მას?
- 6
ხოლო თუ ვიტყვით, კაცთაგანო, ხალხი ჩაგვქოლავს, რადგან სჯერათ, რომ წინასწარმეტყველი იყო იოანე”.
- 7
უპასუხეს: "არ ვიცით საიდან”.
- 8
იესომ უთხრა მათ: "არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას”.
- 9
და იწყო ხალხთან ამ იგავის მოყოლა: "ერთმა კაცმა ვენახი გააშენა და მევენახეებს გადასცა. თვითონ კი დიდი ხნით სხვა ქვეყანაში წავიდა.
- 10
დრო რომ დადგა, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა ვენახის მოსავალი მიეცათ მისთვის. მევენახეებმა კი სცემეს იგი და ხელცარიელი გაუშვეს.
- 11
კვლავ გაუგზავნა მათ სხვა მონა, მაგრამ ისიც სცემეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გააგდეს.
- 12
მერე მესამეც გაუგზავნა. ამჯერად, ისიც დაჭრეს და გარეთ გააგდეს.
- 13
მაშინ თქვა ვენახის პატრონმა: როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს გავუგზავნი, იქნებ მისი მაინც მოერიდოთო.
- 14
მაგრამ მევენახეებმა ის რომ დაინახეს, მოითათბირეს ერთმანეთში და თქვეს: ეს მემკვიდრეა. მოვკლათ იგი და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.
- 15
გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს. მაშ, რას უზამს მათ ვენახის პატრონი?
- 16
მოვა, დახოცავს ამ მევენახეებს და ვენახს სხვებს გადასცემს”. მისმა მსმენელებმა თქვეს: "ნუმც მოხდება ასე”.
- 17
მან შეხედა მათ და თქვა: "რას ნიშნავს დაწერილი: ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა?
- 18
ყველა, ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაიმტვრევა; ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს”.
- 19
მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი მაშინვე შეეცადნენ, რომ ხელი დაედოთ მისთვის, რადგან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.
- 20
უთვალთვალებდნენ და მსტოვრები მიუგზავნეს, რომლებიც თავს მართალ ადამიანებად აჩვენებდნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ და გამგებლის მმართველობასა და ძალაუფლებაში გადაეცათ იგი.
- 21
ჰკითხეს: "მოძღვარო, ვიცით, რომ მართებულად ლაპარაკობ და ასწავლი, მიკერძოებული არ ხარ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას.
- 22
ნებადართულია თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?”
- 23
იგი მიხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა:
- 24
"მაჩვენეთ დინარი. ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?” მათაც მიუგეს: "კეისრისა”.
- 25
მაშინ უთხრა მათ: "ჰოდა, მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა”.
- 26
და ვერ შეძლეს მისი სიტყვაზე დაჭერა ხალხის წინაშე. გაუკვირდათ მისი პასუხი და დადუმდნენ.
- 27
მივიდა მასთან რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს:
- 28
"მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს ძმა მოუკვდება, რომელსაც ცოლი ჰყავდა და შვილი - არა, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.
- 29
შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი, მაგრამ უშვილოდ მოკვდა.
- 30
შეირთო მისი ცოლი მეორემ და ისიც უშვილოდ მოკვდა.
- 31
მესამემაც შეირთო იგი, და ასე - მეშვიდემდე. შვიდივე ისე გარდაიცვალა, რომ შვილი არ დარჩენიათ.
- 32
ბოლოს დედაკაციც მოკვდა.
- 33
აღდგომისას, რომელი ერთის ცოლი იქნება ის ქალი? რადგან შვიდივეს ჰყავდა ცოლად”.
- 34
უთხრა იესომ: "წუთისოფლის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან.
- 35
ხოლო ისინი, ვინც ღირსად ჩაითვალა, რომ საუკუნო ცხოვრება და მკვდრეთით აღდგომა მოიპოვონ, არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან.
- 36
რადგან მათ სიკვდილიც აღარ შეუძლიათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღმერთის ძენი არიან ისინი, აღდგომის ძენი.
- 37
ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ამის შესახებ მოსემაც თქვა მაყვლოვანთან, როდესაც უფალს, აბრაჰამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი უწოდა.
- 38
ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგან მისთვის ყველა მათგანი ცოცხალია”.
- 39
ამაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა უთხრა: "კარგად თქვი, მოძღვარო”.
- 40
და ვეღარ გაბედეს, კიდევ რაიმე ეკითხათ მისთვის. ხოლო მან ჰკითხა მათ:
- 41
"როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?
- 42
თვითონ დავითი ამბობს წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
- 43
ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.
- 44
აჰა, დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?”
- 45
და მთელი ხალხის გასაგონად უთხრა თავის მოწაფეებს:
- 46
"ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც მოსწონთ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მისალმებანი, სინაგოგებში წინა რიგებში და ნადიმებზე საპატიო ადგილებზე ჯდომა;
- 47
რომლებიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ”.