ლუკა 14
- 1
ისე მოხდა, რომ შაბათს, ფარისეველთა ერთ-ერთ მთავართან მივიდა პურის საჭმელად, ისინი კი უთვალთვალებდნენ.
- 2
და აჰა, მის წინაშე ერთი წყალმანკით დაავადებული კაცი წარსდგა.
- 3
ჰკითხა იესომ რჯულის მცოდნეებსა და ფარისევლებს: "შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?”
- 4
ისინი დუმდნენ. მაშინ შეეხო მას, განკურნა და გაუშვა.
- 5
მათ კი უთხრა: "რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი ჭაში რომ ჩაუვარდეს, განა მაშინვე არ ამოიყვანს შაბათ დღეს?”
- 6
და ვერ შეძლეს ამაზე პასუხის გაცემა.
- 7
როცა დაინახა, რომ საპატიო ადგილებს ირჩევდნენ მოწვეულნი, უთხრა მათ იგავი:
- 8
"თუ ვინმე ქორწილში მიგიწვევს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული.
- 9
რომ არ მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: დაუთმე ამას ადგილი! მაშინ შერცხვენილს ბოლო ადგილის დაკავება მოგიწევს.
- 10
როცა მიგიწვევენ, მიდი და ბოლო ადგილზე დაჯექი, რომ მოვიდეს შენი მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, უფრო საპატიო ადგილზე გადაბრძანდიო! მაშინ მეტი პატივი დაგედება ყოველი თანამეინახის წინაშე.
- 11
რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება”.
- 12
თავის მასპინძელსაც უთხრა: "როდესაც სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და სამაგიერო არ მიიღო.
- 13
არამედ ლხინს რომ გამართავ, გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები მოიწვიე.
- 14
ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, სანაცვლოდ რომ მოგიზღან. ამიტომ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება”.
- 15
ეს რომ გაიგონა, ერთმა სტუმარმა უთხრა მას: "ნეტარია, ვინც ღმერთის სამეფოში ჭამს პურს”.
- 16
მან კი უთხრა: "ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი მიიწვია.
- 17
სერობის დრომ რომ მოაწია, მონა გაგზავნა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო.
- 18
ყველამ ერთიანად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო.
- 19
მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო.
- 20
მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლიაო მოსვლა.
- 21
დაბრუნდა მონა და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: სასწრაფოდ გადი ქალაქის ქუჩებსა და შესახვევებში და გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები მომიყვანე.
- 22
უთხრა მონამ: ბატონო, რაც ბრძანე აღსრულებულია, მაგრამ კიდევ დარჩა ადგილი.
- 23
უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ და აივსოს ჩემი სახლი;
- 24
რადგან გეუბნებით, ვერავინ იმ წვეულ კაცთაგან ვერ იგემებს ჩემს ვახშამს!”
- 25
დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა უკან. მიუბრუნდა და უთხრა:
- 26
"თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.
- 27
ვინც თავის ჯვარს არ იტვირთავს და ისე არ გამომყვება, ჩემი მოწაფე ვერ გახდება.
- 28
რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოინდომოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?
- 29
ვინაიდან საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს.
- 30
იტყვიან: ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო.
- 31
ან რომელი მეფე გამოვა მეორე მეფის წინააღმდეგ საომრად, თუ მანამდე არ დაჯდა და მოითათბირა, შეძლებს კი ათი ათასით შეებას ოცი ათას მომხდურს?
- 32
თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის მომხდური და ზავს სთხოვს.
- 33
ასევე, ვერც ერთი თქვენგანი ვერ შეძლებს ჩემს მოწაფედ ყოფნას, თუ უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც გააჩნია.
- 34
მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილმა გემო დაკარგა, რიღათი დამარილდეს?
- 35
არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ გადაყრიან. ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!”