მარკოზი 12
- 1
დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: "კაცმა ვენახი გააშენა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა, კოშკი ააშენა და მევენახეებს მიაქირავა, თვითონ კი შორს გაემგზავრა.
- 2
დრომ რომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა მოსავალი მიეღო მათგან.
- 3
მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.
- 4
მერე სხვა მონა გაუგზავნა. მასაც ქვები დაუშინეს, თავში დაჭრეს და შეურაცხყოფილი გააბრუნეს.
- 5
სხვა გაგზავნა, ის კი მოკლეს. ბევრი სხვაც გაგზავნა. ზოგი სცემეს და ზოგიც მოკლეს.
- 6
ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაგზავნა მათთან; თქვა: ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო.
- 7
მევენახეებმა კი ერთმანეთს უთხრეს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.
- 8
შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახის გარეთ გადააგდეს.
- 9
რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა, ამოწყვეტს მევენახეებს და ვენახს სხვებს გადასცემს.
- 10
ნუთუ არ წაგიკითხავთ წერილში: ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა?
- 11
უფლისგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში”.
- 12
ხოლო მათ მისი შეპყრობა მოინდომეს, რადგან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ. მიატოვეს და წავიდნენ.
- 13
ფარისევლები და ჰეროდიანელები მიუგზავნეს, რომ სიტყვაში დაეჭირათ.
- 14
მივიდნენ და უთხრეს: "მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი და ყველას მიმართ მიუკერძოებელი ხარ, რადგან კაცთა გარეგნობას არ უყურებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. ნებადართულია ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?”
- 15
იცოდა რა მათი თვალთმაქცობა, უთხრა მათ: "რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო”.
- 16
მიუტანეს; ჰკითხა მათ: "ვისია ეს სახე და წარწერა?” "კეისრისა”, უთხრეს მას.
- 17
იესომ უთხრა მათ: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთისა - ღმერთს”. და გაუკვირდათ მისი.
- 18
ამის შემდეგ სადუკეველნი მიადგნენ, რომლებიც ამბობენ, აღდგომა არ არისო და ჰკითხეს:
- 19
"მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და ცოლი დარჩება, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლად და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.
- 20
შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია.
- 21
მეორემ შეირთო იგი და მოკვდა, არც მას დარჩენია შთამომავლობა. ასევე მესამემ;
- 22
შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა. ყველაზე ბოლოს დედაკაციც მოკვდა.
- 23
აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად?”
- 24
იესომ უთხრა მათ: "იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ღმერთის ძალა?
- 25
მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.
- 26
ხოლო იმის თაობაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ ამოგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მაყვლოვანთან ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?
- 27
ღმერთი მკვდრების კი არ არის, არამედ ცოცხლებისა. თქვენ კი დიდად ცდებით”.
- 28
მივიდა მასთან ერთი მწიგნობარი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და დარწმუნებულმა, რომ კარგი პასუხი გასცა მათ, ჰკითხა: "რომელია უპირველესი მცნება?”
- 29
იესომ მიუგო: "უპირველესი ასეთია: ისმინე ისრაელო, უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთადერთი უფალია.
- 30
შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება.
- 31
მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს”.
- 32
უთხრა მას იმ მწიგნობარმა: "კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი, ვინაიდან ღმერთი ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა,
- 33
და უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით და მთელი ძალით; და უნდა გვიყვარდეს მოყვასიც, ვითარცა თავი ჩვენი, ეს ყველა სრულადდასაწველზე და შესაწირზე მეტია”.
- 34
იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: "შორს არ დგახარ ღმერთის სამეფოსგან”. ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა კითხვის დასმა.
- 35
იესო კვლავ ასწავლიდა ტაძარში; თქვა: "როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა?
- 36
რადგან თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა ქვეშ.
- 37
თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?” და მრავალი ხალხი უსმენდა მას სიამოვნებით.
- 38
ამბობდა თავის მოძღვრებაში: "ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც უყვართ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი;
- 39
სინაგოგებში - წინა რიგები და ნადიმებზე - საპატიო ადგილები.
- 40
რომლებიც გადასჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ მსჯავრს იტვირთავენ”.
- 41
დაჯდა საგანძურის წინ იესო და აკვირდებოდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა.
- 42
მოვიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ჩაყარა ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს.
- 43
დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველაზე მეტი ჩადო.
- 44
ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სიღარიბიდან ჩადო ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, მთელი თავისი სარჩო-საბადებელი”.