მათე 8
- 1
მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა უკან.
- 2
აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: "უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმედა”.
- 3
გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და თქვა: "მინდა, განიწმიდე!” მყისვე განიწმიდა იგი კეთრისგან.
- 4
უთხრა მას იესომ: "იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, მოსემ რომ დაადგინა მათდა დასამოწმებლად”.
- 5
კაპერნაუმში რომ შევიდა, მიუახლოვდა ასისთავი და შეევედრა.
- 6
უთხრა: "უფალო, სახლში მსახური მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება”.
- 7
იესომ მიუგო: "მოვალ და განვკურნავ”.
- 8
ასისთავმა კი პასუხად უთხრა: "უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.
- 9
ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი-მეთქი და მიდის. სხვას მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: ეს გააკეთე-მეთქი და აკეთებს”.
- 10
ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა მათ, უკან რომ მიჰყვებოდნენ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა.
- 11
ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაჰამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სამეფოში.
- 12
ხოლო სამეფოს ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა”.
- 13
უთხრა იესომ ასისთავს: "წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს”. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური.
- 14
მივიდა იესო პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი.
- 15
შეეხო მის ხელს და მიატოვა ქალი ცხელებამ; წამოდგა და ემსახურა მათ.
- 16
მოსაღამოვებულზე მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და განკურნა ყველა სნეული.
- 17
რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: "მან თვითონ აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი”.
- 18
თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა, უბრძანა იესომ გაღმა გასულიყვნენ.
- 19
მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: "მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ”.
- 20
უთხრა მას იესომ: "მელიებს სოროები აქვთ, ცის ფრინველებს - ბუდეები. ძე კაცისას კი თავის მისადებიც არ გააჩნია!”
- 21
სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: "უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო”.
- 22
მაგრამ იესომ უთხრა მას: "შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ”.
- 23
ჩაჯდა ნავში და მისი მოწაფეებიც მიჰყვნენ.
- 24
და აჰა, დიდი ღელვა მოხდა ზღვაზე, ისე რომ, ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა.
- 25
მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: "უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით”.
- 26
უთხრა მათ: "რატომ გეშინიათ, მცირედ მორწმუნენო?” შემდეგ წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება.
- 27
ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: "ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ ემორჩილებიან?”
- 28
გაღმა, ღადარინელთა ქვეყანაში რომ მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული. სამარხებიდან იყვნენ გამოსულნი, ძალზედ მძვინვარენი; ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას.
- 29
და აჰა, მორთეს ყვირილი, ამბობდნენ: "რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად?”
- 30
მათგან მოშორებით ღორების დიდი კოლტი ძოვდა.
- 31
ეშმაკებმა ვედრება დაუწყეს: "თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი”.
- 32
უთხრა მათ: "წადით!” ისინიც გამოვიდნენ და ღორებში შევიდნენ. და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან ზღვაში გადაეშვა და წყალში დაიღუპა.
- 33
მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და ყველაფერი თქვეს, იმის ჩათვლით, რაც ეშმაკეულებს დაემართათ.
- 34
და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად; და როდესაც იხილეს იგი, შეევედრნენ, მათ საზღვრებს გასცლოდა.