მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

მალაქია 1

  1. 1

    უფლის სიტყვის განაჩენი ისრაელისადმი, მალაქიას მეშვეობით.

  2. 2

    მე შეგიყვარეთ - ამბობს უფალი - თქვენ კი კითხულობთ: როგორ შეგვიყვარეო? განა ესავი იაკობის ძმა არ არის? - ამბობს უფალი - მაგრამ მე იაკობი შევიყვარე;

  3. 3

    ესავი კი შევიძულე, გავაუდაბურე მისი მთები და უდაბნოს ტურებს მივეცი მისი სამკვიდრო;

  4. 4

    ედომი კი ამბობს: "დაგვარბიეს, მაგრამ კვლავ ავაშენებთო ნანგრევებს”, მაგრამ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "ისინი ააშენებენ, მე დავანგრევ; ბოროტების მხარედ იქნება წოდებული და იმ ერად შეირაცხება, რომელსაც სამუდამოდ განურისხდა უფალი”.

  5. 5

    იხილავენ ამას თქვენი თვალები და იტყვით: განდიდდაო უფალი ისრაელის საზღვრებს გარეთ.

  6. 6

    ძე პატივს სცემს მამას, მსახური - თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი მოშიშება? თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის მოძულენო; თქვენ კი გიკვირთ: როგორ მოვიძულეთო შენი სახელი?

  7. 7

    შებილწული პური მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე და კითხულობთ: რითი შეგბილწეთო? იმით, რომ ამბობთ: უფლის ტაბლა რა პატივის ღირსიაო!

  8. 8

    ბრმას რომ მწირავთ მსხვერპლად, განა ეს ბოროტება არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, განა ეს ბოროტება არ არის? აბა მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონებს, ან სიკეთით თუ გადაგიხდის? - ამბობს ცაბაოთ უფალი.

  9. 9

    ახლა შეევედრეთ ღმერთს, იქნებ შეგიწყალოთ. ასეთი შესაწირის შემდეგ, განა კეთილად მიგიღებთ? - ამბობს ცაბაოთ უფალი.

  10. 10

    ნეტა რომელიმე თქვენგანს კარიბჭე ჩაეკეტა, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე. ვერ მოგიწონებთ! - ამბობს ცაბაოთ უფალი, და ვერც თქვენი ხელით მორთმეულ ძღვენს მივიღებ.

  11. 11

    რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე; საკმეველს დაუკმევენ ჩემს სახელს ყოველ ადგილზე და წმიდა მსხვერპლს მომართმევენ, რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში - ამბობს ცაბაოთ უფალი.

  12. 12

    თქვენ კი შებღალეთ იგი, როცა თქვით: შებილწულიაო უფლის ტაბლა და მოძულებული საჭმელი მისი.

  13. 13

    ამბობთ: როგორ მოგვქანცაო ამ ყველაფერმა და ზიზღით ყნოსავთ სამსხვერპლოს - ამბობს ცაბაოთ უფალი. ნატაცები, კოჭლი და სნეული მოგყავთ; და ეს არის თქვენი ძღვენი. როგორ მეამოს მისი მიღება თქვენი ხელიდან? - ამბობს უფალი.

  14. 14

    წყეულიმც იყოს ის თაღლითი, ვისაც ფარაში საღი მამალი პირუტყვი ჰყავს და მას აღუთქვამს, მაგრამ მსხვერპლად დასახიჩრებულს აღუვლენს უფალს. რადგან დიდი მეფე ვარ მე! - ამბობს ცაბაოთ უფალი, ჩემი სახელის მოშიშება აქვთ ერებში.