ზაქარია 2
- 1
აღვაპყარ თვალები და აჰა, კაცი, ხელში საზომი საბელით.
- 2
ვკითხე: სად მიდიხარ? მიპასუხა: იერუსალიმის გასაზომად, მისი სიგანისა და მისი სიგრძის გასაგებად.
- 3
და აჰა, გავიდა ჩემთან მოლაპარაკე ანგელოზი და სხვა ანგელოზი გამოვიდა მასთან შესახვედრად.
- 4
უთხრა: გაიქეცი და ასე ელაპარაკე ამ ჭაბუკს: უგალავნოდ დასახლდება იერუსალიმი ადამიანთა და საქონლის სიმრავლის გამო.
- 5
მე ვიქნები მისთვის - ამბობს უფალი - ცეცხლის გალავნად გარშემო და დიდებად მის წიაღში.
- 6
ჰეი, ჰეი! გაიქეცით ჩრდილოეთის ქვეყნიდან - ამბობს უფალი - ვინაიდან ცის ოთხი ქარივით გაგფანტავთ - ამბობს უფალი.
- 7
ჰეი, სიონო, თავს უშველე, ბაბილონის ასულთან დამკვიდრებულო!
- 8
რაგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდების ჟამის შემდეგ წარმომგზავნა თქვენი მძარცველი ხალხების წინააღმდეგ, რადგან, ვინც თქვენ გეხებათ, მისი თვალის გუგას ეხება.
- 9
რადგან, აჰა, შევმართავ ხელს მათზე და მათივე მონების ნადავლად იქცევიან; და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა წარმომგზავნა.
- 10
იყიჟინე და იმხიარულე, სიონის ასულო! რადგან, აჰა, მოვდივარ და დავმკვიდრდები შენს წიაღში - ამბობს უფალი.
- 11
იმ დღეს მრავალი ერი შეუერთდება უფალს და იქნებიან ჩემს ხალხად; დავმკვიდრდები შენს წიაღში და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა წარმომგზავნა შენთან.
- 12
დაეუფლება უფალი იუდასა და წმიდა მიწას, როგორც თავის წილს და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.
- 13
ყოველი ხორციელი დადუმდეს უფლის წინაშე, რადგან აჰა, წამოიმართა თავისი წმიდა სამკვიდრებლიდან.