მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ზაქარია 13

  1. 1

    იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მკვიდრთათვის, ცოდვისა და უწმინდურებისგან განსაბანად.

  2. 2

    იმ დღეს იქნება - ამბობს ცაბაოთ უფალი - მოვსპობ კერპთა სახელებს ამ ქვეყანაზე, რომ მეტად აღარ იხსენებოდნენ; ცრუ წინასწარმეტყველებსა და უწმიდურ კაცსაც აღვგვი ამ ქვეყნიდან.

  3. 3

    ხოლო თუ ისევ იწინასწარმეტყველებს ვინმე, მაშინ ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: არ იცოცხლებ, რადგან ტყუილს ლაპარაკობ უფლის სახელითო; და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა იწინასწარმეტყველებს.

  4. 4

    იმ დღეს შერცხვებიან წინასწარმეტყველნი თავიანთი ხილვების გამო, როცა იწინასწარმეტყველებენ და აღარ შეიმოსავენ ბეწვიან შესამოსელს ხალხთა მოსატყუებლად.

  5. 5

    იტყვიან: არა ვარ წინასწარმეტყველი, მიწათმოქმედი კაცი ვარ, რადგან სიყრმიდანვე კაცთაგან ვისწავლე მესაქონლეობა.

  6. 6

    ეტყვიან: ეგ რა ჭრილობები გაქვს ხელზე? უპასუხებს: ჩემი მეგობრების სახლში ვარ ნაგვემი.

  7. 7

    აღსდექ, მახვილო, ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი ახლობელი კაცის წინააღმდეგ! - ამბობს ცაბაოთ უფალი - დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ აღვმართავ კრავებზე ხელს.

  8. 8

    მთელ ქვეყანაზე - ამბობს უფალი - ორი მესამედი მოისპობა და დაიღუპება, ერთი მესამედი კი გადარჩება.

  9. 9

    ცეცხლში გავატარებ ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება და გამოვცდი, როგორც ოქრო გამოიცდება; მოუხმობენ ჩემს სახელს და მე ვუპასუხებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ხალხი! იტყვიან: უფალია ჩემი ღმერთი.