მიქა 6
- 1
ახლა ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღსდექ და ედავე მთებს, გაიგონებენ შენს ხმას მაღლობები.
- 2
ისმინეთ უფლის დავა, მთებო, თქვენც, დედამიწის მარადიულო საფუძველნო, რადგან სარჩელი აქვს უფალს თავისი ხალხის წინააღმდეგ და დავობს ისრაელთან.
- 3
ჩემო ხალხო, რა გაგიკეთე ან რით დაგღალე? მიპასუხე.
- 4
აკი გამოგიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან და გამოგისყიდე! მოსე, აჰარონი და მირიამი წარმოვგზავნე შენ წინაშე!
- 5
ჩემო ხალხო, გაიხსენე, რა განიზრახა ბალაკმა, მოაბის მეფემ და რას პასუხობდა მას ბილყამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე, რათა შეგეცნო უფლის სამართალი.
- 6
რით წარვდგე უფლის წინაშე და ვეთაყვანო მაღალ ღმერთს? ყოვლადდასაწველი ერთწლიანი ხბორებით ხომ არ მივეახლო?
- 7
განა ეამება უფალს ათასობით ვერძი, თუნდაც ზეთის ათი ათასი ნაკადული? ჩემი პირმშო ხომ არ მივცე ჩემი დანაშაულისთვის? ნაყოფი ჩემი მუცლისა, ჩემი სულის შეცოდებისათვის?
- 8
განგიცხადა შენ, ადამიანო, რა არის კეთილი და რას მოითხოვს შენგან უფალი - მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლად სიარულს.
- 9
ხმა უფლისა მოუხმობს ქალაქს, და ვინც ბრძენია - შეეშინდება შენი სახელის. გაიგონეთ ხმა არგნისა და მისი შემმართველისა.
- 10
ჯერ კიდევ არის უმართლობის საგანძური ბოროტეულის სახლში და დაპატარავებული საწყაო, რომელიც სისაძაგლეა?
- 11
განა ავიტან უმართლო სასწორს და ყალბ საწონებს კალთაში?
- 12
რადგან დატაცებულით აივსნენ ქალაქის მდიდარნი! ცრუობენ მასში მცხოვრებნი და მათი ენა საცდურია მათ პირში.
- 13
ჰოდა, მეც დაგცემ უკურნებლად და გაგატიალებ შენი ცოდვების გამო.
- 14
შეჭამ, მაგრამ ვერ გაძღები; ცარიელი გექნება მუცელი; გადაინახავ, მაგრამ ვერ შეინარჩუნებ, ხოლო, რაც დაგრჩება, მახვილს მიეცემა.
- 15
დათესავ, მაგრამ ვერ მოიმკი; ზეთისხილს დაწურავ, მაგრამ ზეთს ვერ იცხებ; მაჭარს დააყენებ, მაგრამ ღვინოს ვერ შესვამ.
- 16
ყომრის დადგენილებებსა და ახაბის სახლის ყველა საქმეს ასრულებთ და დადიხართ მათი რჩევებით. ამიტომ გადაგცემ ასაოხრებლად და შენს მცხოვრებთ - სასირცხვოდ; იტვირთავს ჩემი ხალხი შერცხვენას.