იონა 2
- 1
და შეჰღაღადა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის მუცლიდან.
- 2
ამბობდა: "გასაჭირში მოვუხმე უფალს და მან მიპასუხა! შემოგღაღადე შავეთის წიაღიდან და შენ ისმინე ჩემი ხმა!
- 3
როცა უფსკრულში გადამაგდე, შუაგულ ზღვაში, მორევმა მომიქცია, ყველა შენმა ზვირთმა და ტალღამ გადამიარა!
- 4
ვთქვი: განდევნილი ვარ შენს თვალთაგან, ნეტავ ვიხილავ კვლავ შენს წმიდა ტაძარს?!
- 5
წყალი ყელამდე მომწვდა და უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა.
- 6
მთათა საძირკვლებამდე ჩავედი და ჩემს უკან მიწა სამუდამოდ დაიხშო, მაგრამ საფლავს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე უფალო, ღმერთო ჩემო,
- 7
როცა სულს ვღაფავდი, უფალი გავიხსენე და ჩემმა ლოცვამ შენამდე მოაღწია, შენს წმიდა ტაძარში.
- 8
ამაო კერპთა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას.
- 9
მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვებით; რაც აღმითქვამს, შევასრულებ რადგან ხსნა უფლისგანაა!”
- 10
მაშინ უბრძანა თევზს უფალმა და მანაც ხმელეთზე ამოანთხია იონა.