მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ოსია 14

  1. 1

    უფლისკენ, შენი ღმერთისკენ მობრუნდი, ისრაელ, რადგან შენი ურჯულოების გამო წაბორძიკდი.

  2. 2

    შეისმინეთ სიტყვები და მიუბრუნდით უფალს, უთხარით: მოგვაცილე ჩვენი ურჯულოება და მადლით მიგვიღე; რათა მოზვრებივით მოგიძღვნათ-თქო ჩვენი ბაგეთა ნაყოფი.

  3. 3

    აშური ვეღარ გვიხსნის. აღარც ცხენებზე შევსხდებით და აღარც ჩვენს ნახელავს ვუწოდებთ ჩვენს ღმერთს, რადგან შენში ჰპოვებს-თქო წყალობას ობოლი.

  4. 4

    განვკურნავ მათი განდგომისგან, შევიყვარებ მათ ჩემი ნებით, რადგან მოექცა მათგან ჩემი რისხვა.

  5. 5

    ნამივით ვიქნები ისრაელისთვის, გაიფურჩქნება შროშანივით და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.

  6. 6

    ყლორტებს გამოიყრის და იქნება მშვენიერი ზეთისხილივით და სურნელოვანი ლიბანივით.

  7. 7

    დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომნი, ხორბლის მარცვალივით გაცოცხლდებიან და ვაზივით აყვავდებიან. ლიბანის ღვინოსავით გაითქვამენ სახელს.

  8. 8

    იტყვის ეფრემი: რაღა მესაქმება კერპებთან? მე ვუპასუხებ და ვიზრუნებ მასზე. ამწვანებული კვიპაროსი ვარ, ჩემში იპოვით ნაყოფს.

  9. 9

    ვინც ბრძენია გაიაზრებს ამას, ვინც გონიერია - მიხვდება. ვინაიდან მართებულია გზები უფლისა - მართალნი ივლიან მათზე, მეამბოხენი კი დაეცემიან!