დანიელი 4
- 1
მეფე ნაბუქოდონოსორი ყველა ხალხებს, ერებს, ენებსა და მთელ დედამიწაზე მცხოვრებთ: "მშვიდობა გაგიმრავლდეთ!
- 2
საჭიროდ მივიჩნიე, თქვენც გაუწყოთ ის ნიშნები და სასწაულები, რომლებიც უზენაესმა ღმერთმა მოიმოქმედა ჩემზე.
- 3
რარიგ დიადია მისი ნიშნები და რა ძლევამოსილია მისი სასწაულები! სამეფო მისი საუკუნო სამეფოა და უფლობა მისი - თაობიდან და თაობებზე.
- 4
მე, ნაბუქოდონოსორი, ვნებივრობდი ჩემს სახლში და ვყვაოდი ჩემს სასახლეში.
- 5
სიზმარი ვნახე, რომელმაც შემაძრწუნა. ფიქრებმა ჩემს სარეცელზე და ხილვებმა ჩემს თავში, ამაფორიაქეს.
- 6
ვბრძანე, ბაბილონის ყველა ბრძენი მოეყვანათ ჩემ წინაშე, რომ სიზმრის განმარტება ეუწყებინათ ჩემთვის.
- 7
მოვიდნენ გრძნეულნი, მოგვნი, მკითხავნი და ქალდეველნი; ვუამბე სიზმარი, მაგრამ ვერ ამიხსნეს მისი აზრი.
- 8
სანამ, ბოლოს, დანიელი არ მოვიდა ჩემ წინაშე, რომლის სახელიცაა ბელტეშაცარი, როგორც სახელი ჩემი ღვთისა და რომელშიც წმიდა ღმერთების სულია და მოვყევი სიზმარი მის წინაშე:
- 9
ბელტეშაცარ, გრძნეულთა უფროსო! ვიცი, რომ წმიდა ღმერთების სულია შენში და არავითარი საიდუმლო არ არის შენთვის დაფარული. აი, ხილვანი ჩემი სიზმრისა, მე რომ ვნახე. ამიხსენი მისი მნიშვნელობა.
- 10
ვნახე ხილვა საკუთარ სარეცელზე. აჰა, ხე დედამიწის შუაგულში - დიდი სიმაღლისა.
- 11
გაიზარდა ხე, განმტკიცდა; მისი სიმაღლე ზეცას ასწვდა. დედამიწის ყოველი კიდიდან ჩანდა.
- 12
მშვენივრად იყო გაფოთლილი, ნაყოფიც უხვად ესხა, ყველას ყოფნიდა საკვებად. მის ჩრდილში ბინადრობდნენ მინდვრის მხეცები, მის ტოტებში ბუდობდნენ ცის ფრინველნი, მისგან იკვებებოდა ყოველი ხორციელი.
- 13
ვხედავდი ხილვებს ჩემს სარეცელზე და აჰა, ჩამოვიდა ზეციდან წმიდა გუშაგი.
- 14
დაიძახა მან ხმამაღლა და თქვა: მოსჭერით ხე, შემოაკაფეთ ტოტები, ფოთლები შემოაცალეთ და ნაყოფი განაბნიეთ. განიდევნონ ცხოველები მისი ჩრდილიდან და ფრინველები - მისი ტოტებიდან.
- 15
ოღონდ, მთავარი ფესვი რკინითა და სპილენძით შებორკილი მიწაში დაუტოვეთ, მინდვრის ბალახში. ცის ნამით ირწყვებოდეს და მიწის ბალახიდან ჰქონდეს წილი მხეცებთან ერთად.
- 16
ადამიანის გული წაერთვას და მხეცის გული მიეცეს; შვიდი ჟამი გადაივლის მასზე.
- 17
ეს სასჯელი გუშაგების დადგენილებითაა, რათა იცოდნენ ცოცხლებმა, რომ უზენაესი ბატონობს ადამიანთა სამეფოზე. ვისაც უნდა, იმას მისცემს და ადამიანთა შორის დამდაბლებულს დააყენებს მასზე.
- 18
ეს არის სიზმარი, მე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ ვიხილე და შენ, ბელტეშაცარ, ამიხსენი, რადგან ჩემი სამეფოს ბრძენთაგან არავის ძალუძს მისი მნიშვნელობის ახსნა; შენ კი ძალგიძს, იმიტომ, რომ წმიდა ღმერთების სულია შენში”.
- 19
მაშინ დანიელი, რომლის სახელიცაა ბელტეშაცარი, ერთ საათამდე დუმდა და შემცბარი ფიქრობდა. შეაძრწუნა იგი ამ ფიქრებმა. ალაპარაკდა მეფე და უთხრა: "ბელტეშაცარ, სიზმარი და მისი მნიშვნელობა ნუ დაგაფრთხობს!” მიუგო მეფეს ბელტეშაცარმა: "ბატონო ჩემო! შენს მოძულეთ ეს სიზმარი და შენს მტერთ მისი ახსნა!
- 20
ხე, შენ რომ იხილე, რომელიც გაიზარდა, განმტკიცდა, სიმაღლით ზეცას მიაღწია და დედამიწის კიდეებიდანაც ჩანდა,
- 21
მშვენივრად რომ იყო გაფოთლილი, ნაყოფი უხვად ესხა და საკვებად ყველას ჰყოფნიდა, რომლის ჩრდილშიც მინდვრის მხეცები ბინადრობდნენ და ტოტებზე ცის ფრინველები ბუდობდნენ,
- 22
შენა ხარ, მეფევ, რომელიც განდიდდი და განმტკიცდი; გაიზარდა შენი სიდიადე და ზეცას მისწვდა, შენი საბრძანებელი ქვეყნის კიდეებამდე გავრცელდა.
- 23
ხოლო მეფემ რომ წმიდა გუშაგი იხილა, ზეციდან ჩამომავალი, რომელიც ამბობდა: "მოსჭერით და აკაფეთ, ოღონდ მთავარი ფესვი რკინითა და სპილენძით შებორკილი მიწაში დაუტოვეთ, მინდვრის ბალახში. ცის ნამით ირწყვებოდეს და მიწის ბალახიდან ჰქონდეს წილი მხეცებთან ერთად, ვიდრე შვიდი ჟამი გადაივლიდესო!”
- 24
ასეთია მისი ახსნა, მეფევ: ეს უზენაესის განაჩენია, რომელიც მოეწევა ჩემს მეფე-ბატონს:
- 25
განდევნილ იქნები ადამიანთაგან და მინდვრის მხეცებთან გექნება სამყოფელი, ხარივით ბალახს შეჭამ და ციური ნამით დარწყულდები; შვიდი ჟამი გადაივლის შენზე, სანამ გაიგებ, რომ უზენაესი მბრძანებლობს ადამიანთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას მისცემს.
- 26
ხოლო ხის მთავარი ფესვის დატოვების ბრძანება იმას მოასწავებს, რომ დაგიბრუნდება შენი სამეფო, ოღონდ მას შემდეგ, როცა მიხვდები, რომ ზეცა მმართველობს.
- 27
ამიტომ, მეფევ, მოსაწონი იყოს შენთვის ჩემი რჩევა: ჩამოიცილე ცოდვები სიმართლის ქმნით, ურჯულოებანი შენი - ღარიბთა შეწყალებით, იქნებ გაგიხანგრძლივდეს სიმშვიდე”.
- 28
და ყოველივე მოეწია მეფე ნაბუქოდონოსორს:
- 29
თორმეტი თვის შემდეგ, როცა ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობდა,
- 30
თქვა მეფემ: "განა ეს დიადი ბაბილონი არ არის, მე რომ ავაშენე მეფის სამკვიდრებლად, ჩემი ძლიერებითა და ჩემი სიდიადის წარმოსაჩენად?”
- 31
ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა მეფეს ეს სიტყვა, რომ ხმა ჩამოესმა ზეციდან: "შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გამოგეცალა სამეფო!
- 32
განიდევნები ადამიანთაგან და მინდვრის მხეცებთან იქნება შენი სამყოფელი: ხარივით ბალახს შეჭამ; შვიდი ჟამი გადაივლის შენზე, სანამ არ მიხვდები, რომ უზენაესი მბრძანებლობს ადამიანთა სამეფოზე და ვისაც უნდა იმას აძლევს”.
- 33
მყისვე აღსრულდა ეს სიტყვა ნაბუქოდონოსორზე: განიდევნა ადამიანთაგან, ხარივით ბალახს ჭამდა და ციური ნამით რწყულდებოდა მისი სხეული; სანამ თმები არწივის ბუმბულივით არ გაეზარდა, ფრჩხილები კი _ ფრინველის კლანჭებივით.
- 34
იმ დღეების დასრულების შემდეგ მე, ნაბუქოდონოსორმა, თვალები აღვაპყარ ზეცას და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და პატივი მივაგე მარად ცოცხალს, ვისი ბატონობაც საუკუნოა და მეფობა - თაობიდან თაობებში.
- 35
არაფრად მიიჩნევა ყველა, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე და თავისი სურვილისამებრ იქცევა ზეცის მხედრობასა და მიწის მკვიდრთა შორის. არავინაა, ვინც შეეწინააღმდეგება მის ხელს და ეტყვის, რას სჩადიხარო!
- 36
მაშინ დამიბრუნდა ჩემი გონიერება; და დამიბრუნდა პატივი და პირვანდელი ბრწყინვალება ჩემი სამეფოს სადიდებლად; მომძებნეს ჩემმა მრჩევლებმა და დიდებულებმა, განმტკიცდა ჩემი მეუფება და აღმატებული გახდა ჩემი სიდიადე.
- 37
ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და პატივს მივაგებ ზეციურ მეფეს, რომლის ყველა საქმეც მართალია და გზა სამართლიანი, და რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი”.