დანიელი 12
- 1
"მიქაელი, დიადი მთავარი, აღდგება იმ დროს შენი ერის ძეთა დასაფარად; ისეთი უბედურების ჟამი დადგება, როგორიც ხალხის გაჩენიდან ამ დრომდე არ ყოფილა. იმ დროს ყველა გადარჩება შენი ერიდან, ვინც ჩაწერილი აღმოჩნდება წიგნში.
- 2
მრავალი გამოიღვიძებს მიწის მტვერში მძინარეთაგან, ერთნი - საუკუნო სიცოცხლისთვის, მეორენი - საუკუნო გმობისა და სირცხვილისთვის.
- 3
გაბრწყინდებიან გონიერნი განათებული ცის თაღივით, სიმართლისკენ მრავალთა მომაქცეველნი კი - ვარსკვლავებივით, უკუნითი უკუნისამდე.
- 4
შენ კი, დანიელ, დაიმარხე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ დრომდე. მრავალნი ივლიან აქეთ-იქით და გამრავლდება ცოდნა”.
- 5
გავიხედე მე, დანიელმა, და, აჰა, ორი სხვაც დგას, ერთი მდინარის ერთ ნაპირზე და ერთი - მდინარის მეორე ნაპირზე.
- 6
უთხრა ერთმა სელით შემოსილ კაცს, რომელიც მდინარის წყლებზე იდგა: "როდის იქნება ამ საკვირველი საქმის ბოლო?”
- 7
სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა ხელი და გავიგონე, როგორ დაიფიცა საუკუნოდ ცოცხალი, რომ ეს იქნებოდა დადგენილ დროს, დროებსა და დროის ნახევარში; როცა სრულად შეიმუსრება წმიდა ერის ძალა, მაშინ აღსრულდება ეს ყველაფერიც.
- 8
მესმოდა ეს, მაგრამ ვერ გავიგე და ვუთხარი: "ჩემო ბატონო, რა იქნება ყოველივე ამის შემდეგ?”
- 9
თქვა: "წადი, დანიელ, რადგან დაფარული და დაბეჭდილია ეს სიტყვები უკანასკნელ დრომდე.
- 10
მრავალნი განიწმიდებიან, გათეთრდებიან და გამოიბრძმედებიან, თუმცა ბოროტნი იბოროტებენ. და ვერ მიხვდება ვერც ერთი ბოროტმოქმედი, გონიერნი კი მიხვდებიან.
- 11
მუდმივი მსხვერპლის აკრძალვისა და გატიალების სიბილწის დამკვიდრებიდან ათას ორას ორმოცდაათი დღე გავა.
- 12
ნეტარია, ვინც მოელის და მიაღწევს ათას სამას ოცდათხუთმეტ დღეს.
- 13
შენ კი წადი შენი აღსასრულისკენ და მოისვენე! და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს.