დანიელი 10
- 1
სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს; ჭეშმარიტი იყო ეს სიტყვა და დიდ ომს შეეხებოდა; ჩაწვდა იგი ამ სიტყვას და მიხვდა ამ ჩვენებას.
- 2
იმ დღეებში მე, დანიელი, მგლოვიარედ ვიყავი სამი კვირა:
- 3
გემრიელ საჭმელს არ ვჭამდი, ხორცი და ღვინო არ მიჰკარებია ჩემს პირს და არც რაიმე მიცხია თავზე სამი კვირის შესრულებამდე.
- 4
პირველი თვის ოცდამეოთხე დღე იყო; დიდი მდინარის, ტიგროსის პირას ვიყავი.
- 5
აღვაპყარ თვალები, გავიხედე და, აჰა, კაცი, სელის ტანსაცმლით შემოსილი, წელზე კი უფაზის ოქრო ჰქონდა შემორტყმული.
- 6
ტანი იასპივით ჰქონდა, სახე - ელვასავით, თვალები - ცეცხლოვანი ლამპრებივით, მკლავები და ფეხები - მოელვარე სპილენძივით, ხოლო ლაპარაკი - როგორც მრავალი ხალხის ხმა.
- 7
მხოლოდ მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა; იმ ხალხმა კი ჩემთან ერთად რომ იყო, ვერაფერი დაინახა, მაგრამ დიდმა შიშმა შეიპყრო ყველანი და დასამალად გაიქცნენ.
- 8
მარტოდ დავრჩი და ვიხილე ეს დიადი ხილვა, თუმცა ძალა აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე.
- 9
მისი ხმა შემომესმა და გავიგონე თუ არა მისი სიტყვები, ძილქუში დამეცა მიწაზე პირქვედამხობილს.
- 10
და, აჰა, ხელი შემეხო და წამომაყენა აცახცახებული მუხლებსა და ხელის გულებზე.
- 11
მითხრა: "დანიელ, პატივდებულო კაცო! ჩაუკვირდი სიტყვებს, რომლებსაც გეტყვი და დადექი შენს ადგილზე, რადგან წარმოგზავნილი ვარ ახლა შენთან”. ეს სიტყვები რომ მითხრა, კანკალით წამოვდექი.
- 12
კვლავ მითხრა: "ნუ გეშინია, დანიელ, რადგან პირველივე დღიდან, როცა შენი გული გონიერებას დაუთმე და თავი დაიმდაბლე შენი ღმერთის წინაშე, შესმენილ იქნა შენი ლოცვები და მოვედი შენი სიტყვის საპასუხოდ.
- 13
მაგრამ სპარსეთის სამეფოს მთავარი მეწინააღმდეგებოდა ოცდაერთი დღე. და აჰა, მიქაელი, ერთ-ერთი პირველი მთავართაგან, მოვიდა ჩემს დასახმარებლად და იქ დავტოვე იგი სპარსეთის მეფესთან.
- 14
მოვედი რომ გაგაგებინო, რა შეემთხვევა შენს ხალხს უკანასკნელ დღეებში, რადგან შორეული მომავლის დღეებს ეხება ეს ხილვა”.
- 15
ამ სიტყვებს რომ მეუბნებოდა, პირქვე დავემხე მიწაზე და დავმუნჯდი.
- 16
და, აჰა, შემეხო ბაგეებზე კაცის ძის მსგავსი, გავხსენი პირი, ავლაპარაკდი და ვუთხარი ჩემს წინ მდგომს: "ბატონო! ამ ხილვის გამო შიგნეული ამემღვრა და ძალა ვეღარ მოვიკრიბე.
- 17
როგორ შეუძლია ჩემი ბატონის მსახურს ილაპარაკოს ჩემს ბატონთან, როცა აღარც ძალა მაქვს და აღარც სუნთქვა დარჩა ჩემში?”
- 18
კვლავ შემეხო ადამიანის მსგავსება და გამამაგრა.
- 19
მითხრა: "ნუ გეშინია, სათნო კაცო! მშვიდობა შენდა! განმტკიცდი და გამხნევდი!” როცა მელაპარაკებოდა, განვმტკიცდი და ვუთხარი: "ილაპარაკე ჩემო ბატონო, ვინაიდან გამამაგრე”.
- 20
მითხრა: "თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა კი სპარსეთის მთავართან საბრძოლველად ვბრუნდები და, აჰა, საბერძნეთის მთავარიც მოვა.
- 21
თუმცა გაგიმხელ ჭეშმარიტების წერილში ჩაწერილს: არავინაა, ვინც ამ საქმეში შემეწევა, გარდა მიქაელისა, თქვენი მთავრისა”.