ეზეკიელი 47
- 1
ტაძრის შესასვლელთან დამაბრუნა და, აჰა, წყალი გამოედინება ტაძრის ზღურბლის ქვემოდან აღმოსავლეთისკენ, რადგან აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული ტაძარი. წყალი გამოედინება ქვემოდან, ტაძრის მარჯვენა მხრიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით.
- 2
ჩრდილოეთის კარიბჭის გზით გამიყვანა, გარე გზით გამატარა, გარე კარიბჭისკენ, კარიბჭის გზით, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიმართული; და, აჰა, გამოედინება წყალი მარჯვენა მხრიდან.
- 3
აღმოსავლეთისკენ წავიდა ეს კაცი ზონარით ხელში, გაზომა ათასი წყრთა და წყალში გამიყვანა: კოჭებამდე იყო წყალი.
- 4
კიდევ გაზომა ათასი და გამატარა წყალში: მუხლებამდე იყო წყალი; კიდევ გაზომა ათასი, გამატარა და წელამდე იყო.
- 5
კიდევ გაზომა ათასი და უკვე მდინარე იყო, რომელშიც ვეღარ გავიარე, რადგან ამაღლდა წყალი და გადასაცურავი გახდა; ფეხით ვერ გაივლიდი მდინარეში.
- 6
მითხრა: "ძეო კაცისავ, დაინახე?” წამიყვანა და მდინარის ნაპირას დამაბრუნა.
- 7
დავბრუნდი. აჰა, ბევრი ხე დამხვდა მდინარის ნაპირზე, ორივე მხარეს.
- 8
მითხრა: "ეს წყლები აღმოსავლეთის მხარეს მიედინება, ყარაბაში ჩადის, ზღვისკენ მიემართება და ზღვას უერთდება; და განიკურნება წყლები.
- 9
ყოველი ცოცხალი არსება, რომელიც ყველგან ფუთფუთებს, სადაც მდინარე ჩაივლის, იცოცხლებს; მრავლად იქნება თევზი, რადგან, სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერს განკურნავს და ყველაფერი იცოცხლებს იქ, სადაც ეს მდინარე ჩაივლის.
- 10
დადგებიან მასთან მეთევზეები, ყენ-გადიდან ყენ-ეგლაიმამდე იქნება ბადეთა გასაშლელი ადგილი, იმდენივე გვარის თევზი ექნებათ მათ, როგორც დიდ ზღვაშია, ფრიად მრავალი.
- 11
მაგრამ მისი ჭაობები და ჭანჭყობები არ განიკურნება, მარილს მიეცემა.
- 12
მდინარესთან, ორივე ნაპირზე, გაიზრდება ყოველგვარი ხე, საკვების მომცემი; მისი ფოთოლი არ დაჭკნება და მისი ნაყოფი არ მოილევა; ყოველ თვეს ნაყოფს გამოიღებს, რადგან საწმიდარიდან იდინებს მისი წყლები; მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი - განსაკურნებლად”.
- 13
ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ეს იქნება საზღვარი, რომელთა მიხედვითაც დაუნაწილებ ქვეყანას ისრაელის თორმეტ ტომს: იოსებს ექნება ორი წილი.
- 14
ყველას თანაბრად დაუნაწილებ სამკვიდროს, რადგან ხელის აწევით შევფიცე თქვენს მამებს, რომ მათ მივცემდი ამ ქვეყანას და ეს ქვეყანა თქვენ გხვდათ წილად სამკვიდროდ.
- 15
ეს იქნება ამ ქვეყნის საზღვარი: ჩრდილოეთის მხარეს, დიდი ზღვიდან ხეთლონის გზით ცედადის შესართავამდე,
- 16
ხამათამდე, ბეროთამდე, სიბრაიმამდე, რომლებიც დამასკოსა და ხამათის საზღვრებს შორისაა, ხაცერ-ჰათიქონამდე, ხავრანის საზღვართან რომ არის.
- 17
იქნება საზღვარი ზღვიდან ხაცარ-ყენონამდე, დამასკოს ჩრდილოეთით ხამათის საზღვრამდე; ეს არის ჩრდილოეთის საზღვარი.
- 18
აღმოსავლეთის მხარეს: ხავრანს შორის და დამასკოს შორის, გილყადს შორის და ისრაელის ქვეყანას შორის, იორდანეზე, აღმოსავლეთის ზღვის საზღვრიდან გადაზომეთ. ეს არის აღმოსავლეთის მხარე.
- 19
სამხრეთის მხარეს: სამხრეთისკენ თამარიდან მერიბოთ-კადეშის წყლებამდე, ხევის გაყოლებაზე დიდი ზღვისკენ; ეს არის სამხრეთის მხარე, სამხრეთის მიმართულებით.
- 20
დასავლეთის მხარეს: დიდი ზღვა, სამხრეთის საზღვრიდან ხამათში მიმავალ გზამდე. ეს არის დასავლეთის მხარე.
- 21
ასე დაინაწილეთ ეს ქვეყანა თქვენ შორის, ისრაელის ტომების მიხედვით.
- 22
წილისყრით დაინაწილებთ მას სამკვიდრებლად თქვენთვის და თქვენ შორის მცხოვრებ მდგმურთათვის, თქვენ შორის რომ შობენ შვილებს; და იქნებიან ისინი თქვენთვის, როგორც მშობლიურ ქვეყანაში დაბადებულნი ისრაელის ძეთა შორის და თქვენთან უნდა იყარონ წილი ისრაელის ტომთა შორის სამკვიდროსთვის.
- 23
რომელ ტომშიც დარჩება მდგმურად, იქ მიეცით სამკვიდრო!” - ამბობს უფალი ღმერთი.