ეზეკიელი 36
- 1
"და შენ, ძეო კაცისავ! უწინასწარმეტყველე ისრაელის მთებს და უთხარი: ისრაელის მთებო, ისმინეთ უფლის სიტყვა.
- 2
ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან ნათქვამი აქვს მტერს თქვენს წინააღმდეგ: აჰა, ჩვენი კუთვნილება გახდა მარადიული სიმაღლეები!
- 3
ამიტომ იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმიტომ, სწორედ იმიტომ, რომ ყოველი მხრიდან ესწრაფვიან თქვენს გადაყლაპვას, რათა წარმართთა ნატამალი დაგეუფლოთ და გადაეცეთ მოლაპარაკეთა ბაგეთ და ენას, ხალხებში საძაგებლად,
- 4
ამიტომ, მთებო ისრაელისა, ისმინეთ, ამბობს უფალი ღმერთი: ამას ამბობს უფალი ღმერთი, მთებსა და ბორცვებზე, კალაპოტებსა და ხეობებზე, აოხრებულ ნანგრევებსა და მიტოვებულ ქალაქებზე, რომლებიც ნადავლად და დასაცინად გახდნენ წარმართთა ნატამალისთვის, რომლებიც ირგვლივ არიან.
- 5
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: განა ჩემი შურისგების ცეცხლში არ წარმოვთქვი ამ ხალხების ნატამალსა და მთელ ედომზე, ჩემი ქვეყანა რომ სამემკვიდრეოდ მიითვისეს გულში სიხარულით და სულში სიძულვილით, რათა ნადავლად ექციათ იგი?!
- 6
ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწაზე და უთხარი მთებსა და ბორცვებს, კალაპოტებსა და ხეობებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მე ჩემი შურისგებით ვილაპარაკე, რადგან ხალხთა სირცხვილი იტვირთეთ!
- 7
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ფიცით შევმართე ხელი, რომ თქვენს ირგვლივ მყოფი ერები, თვითონ იტვირთავენ თავიანთ სირცხვილს.
- 8
თქვენ კი, მთანო ისრაელისა, გამოიზრდით ტოტებს და ნაყოფს მოუტანთ ჩემს ხალხს, ისრაელს, რადგან მალე მოვა იგი.
- 9
რადგან, აჰა, მე ვზრუნავ თქვენზე და მოწყალებით გიყურებთ, რომ მოიხვნათ და დაითესოთ.
- 10
გავამრავლებ თქვენზე ადამიანს, მთელ ისრაელის ხალხს, მთლიანად დასახლდებით, გამოცოცხლდება ქალაქები და აღდგება ნანგრევები.
- 11
გავამრავლებ თქვენზე ადამიანსა და საქონელს, იმრავლებენ და ინაყოფიერებენ. დაგაფუძნებთ წინანდებურად და პირვანდელზე უკეთესად იქნებით. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.
- 12
მოგიყვანთ ადამიანებს, ჩემს ხალხს, ისრაელს და დაგეუფლებიან; იქნებით მათი სამკვიდრებელი და მეტად აღარ დარჩებით უშვილძიროდ.
- 13
ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან გეუბნებიან, კაცთა მშთანმთქმელი და ერის უშვილოდ დამტოვებელი ხარო!
- 14
ამიტომ აღარ შთანთქავ ადამიანებს და შენს ხალხს უშვილოდ აღარ დატოვებ! - ამბობს უფალი ღმერთი.
- 15
აღარც ლანძღვას მოგასმენინებ ხალხთაგან, აღარც შერცხვენას იტვირთავ მათგან და შენს ხალხსაც მეტად აღარ დააბრკოლებ!” - ამბობს უფალი ღმერთი.
- 16
კვლავ იყო სიტყვა უფლისგან ჩემდამი:
- 17
"ძეო კაცისავ! თავისი საქციელით შებილწა ისრაელის სახლმა საკუთარი მიწა, რომელზეც ცხოვრობდა. წიდოვანის უწმიდურებასავით შეიქნა მათი გზა ჩემ წინაშე.
- 18
და გადმოვღვარე ჩემი გულისწყრომა იმ სისხლის გამო, მიწაზე რომ დაღვარეს და თავიანთი კერპებით შებილწეს იგი.
- 19
გავფანტე ისინი ხალხებში და განვაბნიე ქვეყნებში; მათი გზებისა და საქმეების მიხედვით განვიკითხე ისინი.
- 20
მივიდნენ იმ ხალხებთან, ვისთანაც გავყარე და იქ შებღალეს ჩემი წმიდა სახელი, რადგან მათზე ამბობდნენ: ესენი უფლის ხალხია, მისი მიწიდან არიან გამოსულნიო.
- 21
დავზოგე ჩემი წმიდა სახელი, ისრაელის სახლმა რომ შებღალა იმ ხალხებში, სადაც მივიდა.
- 22
ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, სახლო ისრაელისა, არამედ ჩემი წმიდა სახელისთვის, იმ ხალხებში რომ შებღალე, სადაც მიხვედი.
- 23
განვწმედ ჩემს დიად სახელს, ხალხებში შებღალულს, თქვენ რომ შებღალეთ მათ შორის და გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ უფალი! ამბობს უფალი ღმერთი, როცა მათ თვალწინ განვიწმიდები თქვენში.
- 24
აგიყვანთ ხალხებიდან, შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.
- 25
გასხურებთ წმიდა წყალს და გასუფთავდებით მთელი თქვენი სიბილწისგან; ყველა თქვენი კერპისგან გაგასუფთავებთ.
- 26
ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.
- 27
ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ.
- 28
დამკვიდრდებით ქვეყანაში, თქვენს მამებს რომ მივეცი და იქნებით ჩემი ხალხი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები.
- 29
მე გიხსნით ყველა თქვენი სიბინძურისგან, მოვუხმობ ხორბალს, გავამრავლებ და არ მოვაწევ თქვენზე შიმშილს.
- 30
უხვად მოგცემთ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რათა მეტად აღარ ითმინოთ შიმშილის გამო შერცხვენა ხალხებში.
- 31
გაგახსენდებათ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი საქმენი და შეგძაგდებათ საკუთარი თავი თქვენი ურჯულოებისა და სისაძაგლეების გამო.
- 32
თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, ამბობს უფალი ღმერთი, გაიგეთ! თქვენი გზების გამო შეგრცხვეთ, სახლო ისრაელისა.
- 33
ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმ დღეს, ყველა თქვენი ურჯულოებისგან რომ განგწმედთ, დავასახლებ თქვენს ქალაქებს და კვლავ აღორძინდებიან თქვენი ნანგრევები;
- 34
დამუშავდება გაპარტახებული მიწა, გაუდაბურებული რომ იყო ყოველი გამვლელის თვალში.
- 35
იტყვიან: ედემის ბაღად იქცა ეს აოხრებული ქვეყანაო; ნანგრევები, დაუსახლებელი და დანგრეული ქალაქები გამაგრდება და დასახლდება.
- 36
მიხვდებიან გარშემო შემორჩენილი ხალხები, რომ მე, უფალმა, აღვადგინე დანგრეული და დავრგე გაუდაბურებული! მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთებ!
- 37
ასე ამბობს უფალი ღმერთი: ამაშიც ვუპასუხებ ისრაელის ტაძრის ლოცვას: ცხვარივით გავამრავლებ ხალხს.
- 38
სამსხვერპლო ვერძებით, როგორც ცხვრით, ხომ ივსება სადღესასწაულო იერუსალიმი, ასე გაივსება დანგრეული ქალაქები ადამიანებით. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი”.