ეზეკიელი 30
- 1
და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
- 2
"ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იქვითინეთ, ვაი იმ დღეს!
- 3
ვინაიდან ახლოა დღე და ახლოა დღე უფლისა, მოქუშული დღე; დგება ჟამი ხალხებისა.
- 4
მახვილი მოვა ეგვიპტეში და ქუშს შეაძრწუნებს ეგვიპტეში დაცემული დახოცილები. მის ქონებას წაიღებენ და მის საძირკვლებს დააქცევენ.
- 5
ქუში, ფუტი, ლუდი და მთელი არაბეთი, ქუბი და მათთან მყოფი აღთქმული ქვეყნის ძენი მახვილით დაეცემიან.
- 6
ასე ამბობს უფალი: დაეცემიან ეგვიპტის მხარდამჭერნი და დამდაბლდება მისი ძლიერების სიამაყე, მიგდოლიდან სევენემდე მახვილით დაეცემიან! - ამბობს უფალი ღმერთი.
- 7
აოხრდება აოხრებულ ქვეყნებს შორის და მისი ქალაქები დანგრეულ ქალაქთა შორის იქნებიან.
- 8
და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, ცეცხლს რომ მივცემ ეგვიპტეს და ყოველი მისი დამხმარე რომ განადგურდება.
- 9
იმ დღეს გამოვლენ ჩემი წარგზავნილნი ხომალდებით, უზრუნველი ქუში რომ შეაშინონ; ძრწოლა გადმოვა მათზე, როგორც ეგვიპტის დღეს, რადგან, აჰა, მოდის იგი.
- 10
ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბოლოს მოვუღებ ეგვიპტის სიმრავლეს, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ხელით.
- 11
ის და მისი ხალხი, უსასტიკესნი ერთა შორის, მოვლენ ამ ქვეყნის მოსასპობად; მახვილს იშიშვლებენ ეგვიპტეზე და დახოცილებით აავსებენ ქვეყანას.
- 12
ხმელეთად ვაქცევ მდინარეებს და მივყიდი ამ მიწას ბოროტთა ხელს, ავაოხრებ ქვეყანას და მის სისავსეს უცხოთა ხელით. მე, უფალმა ვთქვი.
- 13
ასე ამბობს უფალი ღმერთი: გავანადგურებ კერპებს და მოვსპობ ცრუ ღმერთებს ნოფიდან; მეტად აღარ გამოვა მთავარი ეგვიპტის ქვეყნიდან; შიშს მივცემ ეგვიპტის ქვეყანას.
- 14
ავაოხრებ ზემო ეგვიპტეს, ცეცხლს მივცემ ცოყანს და სამართალს აღვასრულებ თებში.
- 15
გადმოვღვრი ჩემს გულისწყრომას სინზე, ეგვიპტის სიმაგრეზე, აღმოვფხვრი თებელთა სიმრავლეს.
- 16
ცეცხლს შევუნთებ ეგვიპტეს, დაბზრიალდება სინი, გაიპობა ნო და დღისით მოადგება ნოფს მტერი.
- 17
ონისა და ფიბესეტის ჭაბუკნი მახვილით მოისრებიან, ასულები კი დატყვევდებიან.
- 18
თეხფენხესში დაბნელდება, როცა ეგვიპტის უღელს დავამსხვრევ. გარდახდება მისი ძლევამოსილების სიამაყე, ღრუბელი დაფარავს; დატყვევდებიან მისი ასულნი.
- 19
აღვასრულებ სამართალს ეგვიპტეში და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
- 20
მეთერთმეტე წლის, პირველი თვის მეშვიდე დღეს ასეთი იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 21
"ძეო კაცისავ! მე მოვამტვრიე მკლავი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და, აჰა, არ შეხვეულა იგი განსაკურნებლად, არც არტახებით გაკოჭილა, რომ გამაგრებულიყო მახვილის დასაჭერად.
- 22
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვარ ფარაონის, ეგვიპტის მეფის წინააღმდეგ, მკლავებს მოვამტვრევ, საღსა და მოტეხილს და მახვილს გავაგდებინებ ხელიდან.
- 23
ხალხებში გავფანტავ ეგვიპტეს და ქვეყნებში მიმოვაბნევ.
- 24
მკლავებს განვუმტკიცებ ბაბილონის მეფეს, ხელში ჩემს მახვილს ჩავუდებ, ფარაონს მკლავებს გადავუმტვრევ და იკვნესებს განგმირულის კვნესით მის წინაშე.
- 25
ბაბილონის მეფეს მკლავებს გავუძლიერებ, ფარაონს კი მკლავები ჩამოუვარდება და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა ხელში ჩავუდებ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს და გაიწვდენს მას ეგვიპტის ქვეყანაზე.
- 26
გავფანტავ ხალხებში ეგვიპტეს და ქვეყნებში მიმოვაბნევ. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი!”