ეზეკიელი 18
- 1
და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2
"რას გულისხმობთ, როცა ისრაელის მიწაზე ანდაზად ამბობთ: მამების ნაჭამმა მკვახე ხილმა შვილებს მოჰკვეთა კბილებიო?
- 3
ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, მეტად ვეღარ იტყვით ამ ანდაზას ისრაელში.
- 4
აჰა, ყოველი სული ჩემია - როგორც მამა, ისე - ძეც. ხოლო ვინც შესცოდავს - მოკვდება.
- 5
თუ მართალი იქნება კაცი და იქმს სამართალს და სიმართლეს,
- 6
მთებზე შეწირულისგან არ ჭამს, თვალს არ აპყრობს ისრაელის ტაძრის კერპებს, მოყვასის ცოლს არ ბილწავს და წიდოვან ქალს არ ეკარება,
- 7
არავის ჩაგრავს და მევალეს ვალს უბრუნებს, მძარცველი არ არის, თავის პურს უყოფს მშიერს და შიშველს მოსავს,
- 8
ვახშს არ იღებს და სარგებლისთვის არ ასესხებს, უმართლობას ხელს არიდებს და კაცთა შორის დავას სამართლიანად განსჯის,
- 9
ჩემი წესებით დადის და ჩემს სამართალს იცავს, რათა აღასრულოს ჭეშმარიტება - მართალია ასეთი კაცი და სიცოცხლით იცოცხლებს” - ამბობს უფალი ღმერთი.
- 10
"მაგრამ, თუ შვა ძე, მოძალადე და სისხლისმღვრელი, ან მსგავსის ჩამდენი მოყვასის წინააღმდეგ,
- 11
კარგი არაფერი ჰქონდეს ჩადენილი, მაღლობებზე შენაწირს კი ჭამდეს და მოყვასის ცოლს ბილწავდეს,
- 12
ღარიბსა და ღატაკს ჩაგრავდეს, მძარცველობდეს, ვალს არ აბრუნებდეს, კერპებისკენ ჰქონდეს თვალი მიპყრობილი და სისაძაგლეს სჩადიოდეს,
- 13
ვახშს იღებდეს და სარგებლისთვის ასესხებდეს - იცოცხლებს განა? არ იცოცხლებს! ყველა ამ სისაძაგლის ჩამდენი უცილობლად მოკვდება; მასზე იქნება მისი სისხლი.
- 14
აჰა, თუ შობს ძეს, რომელიც დაინახავს მამამისის ჩადენილ ცოდვებს, თუმცა, მისი შემხედვარე იგივეს არ ჩაიდენს,
- 15
მთაზე შენაწირს არ შეჭამს, თვალს არ მიაპყრობს ისრაელის ტაძრის კერპებს, მოყვასის ცოლს არ შებილწავს,
- 16
არავის დაჩაგრავს, თავდებში ჩადებულს არ მიითვისებს, არ იმძარცველებს, თავის პურს მშიერს გაუყოფს და შიშველს შემოსავს,
- 17
ღარიბის ჩაგვრისგან ხელს იკავებს, ვახშსა და სესხის სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს აღასრულებს და ჩემი წესებით დადის - არ მოკვდება იგი მამამისის ურჯულოების გამო და იცოცხლებს უცილობლად!
- 18
ღარიბის ჩაგვრისგან ხელს იკავებს, ვახშსა და სესხის სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს აღასრულებს და ჩემი წესებით დადის - არ მოკვდება იგი მამამისის ურჯულოების გამო და იცოცხლებს უცილობლად!
- 19
მერე იტყვით: რატომ არ იტვირთავს ძე მამამისის უმართლობასო? ძე კი, თუ სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა, ჩემს ყველა წესს იცავდა და ასრულებდა - უცილობლად იცოცხლებს!
- 20
ცოდვილი კაცი კი მოკვდება! ძემ არ უნდა იტვირთოს თავისი მამის უმართლობა და მამამ - ძისა; მართალზე მისი სიმართლე იქნება და ბოროტზე - მისი ბოროტება.
- 21
ბოროტი კი, თუ ზურგს შეაქცევს მთელ თავის ცოდვებს, რაც ჩაიდინა, დაიცავს ყველა ჩემს წესს და აღასრულებს სამართალსა და სიმართლეს - უცილობლად იცოცხლებს, არ მოკვდება!
- 22
აღარ გაუხსენებენ მას თავის სიმართლეში, რასაც აღასრულებს, არცერთ დანაშაულს, რაც ჩადენილი აქვს და იცოცხლებს!
- 23
განა მახარებს ბოროტის სიკვდილი? ამბობს უფალი ღმერთი, განა არ მინდა, რომ მობრუნდეს თავისი გზიდან და იცოცხლოს?
- 24
ხოლო, თუ მართალი შეაქცევს ზურგს თავის სიმართლეს და ჩაიდენს ყველა იმ უმართლობას, რასაც ბოროტი სჩადის, განა იცოცხლებს? აღარ გაუხსენებენ მთელ მის სიმართლეს, თავის დანაშაულში, რითაც მუხთლობდა და ცოდვაში, რასაც სცოდავდა - მოკვდება!
- 25
თქვენ ამბობთ: სამართლიანი არ არისო უფლის გზა. ახლა მომისმინე, ისრაელის სახლო: ჩემი გზა არ არის სამართლიანი? თქვენი გზებია უსამართლო!
- 26
თუ მართალი ზურგს აქცევს თავის სიმართლეს და უმართლოდ მოიქცევა, მოკვდება თავისი უმართლობის გამო, რაც ქმნა და დაიღუპება.
- 27
და თუ ბოროტი ზურგს აქცევს ბოროტებას, რასაც სჩადიოდა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს, თავის სულს გაიცოცხლებს იგი.
- 28
რადგან მიხვდა და ზურგი აქცია თავის ყველა ცოდვას. უცილობლად იცოცხლებს იგი, არ მოკვდება!
- 29
ისრაელის სახლი ამბობს: არასწორიაო უფლის, ჩვენი ბატონის გზა. ჩემი გზაა არასწორი, ისრაელის სახლო?! განა თქვენი გზები არაა არასწორი?
- 30
ამიტომ თითოეულს თქვენი გზის მიხედვით გაგასამართლებთ, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი, მოინანიეთ, ყველამ ზურგი აქციოს თავის დანაშაულს და არ გექნებათ უმართლობა დაბრკოლებად.
- 31
განიშორეთ ყველა თქვენი დანაშაული, რითაც უმართლობდით და შეიქმენით ახალი გულები და ახალი სულები. რად უნდა მოკვდეთ, ისრაელის სახლო?
- 32
ვინაიდან არ მახარებს სიკვდილი მომაკვდავისა, ამბობს უფალი ღმერთი, მობრუნდით და იცოცხლებთ!