გოდება იერემიასი 5
- 1
გაიხსენე, უფალო, რაც დაგვემართა; შეხედე და დაინახე ჩვენი შერცხვენა.
- 2
ჩვენი სამკვიდრო უცხოთ გადაეცა, ჩვენი სახლები - უცხოტომელებს.
- 3
დავობლდით, მამა აღარ გვყავს, დაქვრივდნენ ჩვენი დედები.
- 4
ჩვენსავე წყალში ვერცხლს გვახდევინებენ, ჩვენი ტყის შეშას ვყიდულობთ.
- 5
ფეხდაფეხ მოგვდევენ; დავიქანცეთ, არ გვაქვს მოსვენება.
- 6
ეგვიპტეს გავუშვირეთ ხელი და აშურს, რომ გავძღეთ პურით.
- 7
ჩვენმა მამებმა შესცოდეს და აღარ არიან, ჩვენ კი მათ უმართლობის გამო ვისჯებით.
- 8
მონები ბატონობენ ჩვენზე და არავინაა, რომ მათი ხელიდან დაგვიხსნას.
- 9
ჩვენი სიცოცხლის ფასად ვშოულობთ პურს, უდაბნოში მახვილის შიშით.
- 10
ღუმელივითაა გავარვარებული ჩვენი კანი, შიმშილის მწველი ხვატის გამო.
- 11
გააუპატიურეს ქალები სიონში, ქალწულნი - იუდას ქალაქებში.
- 12
მთავრებს ხელებით ჰკიდებენ, უხუცესებს პატივს არ სცემენ.
- 13
ჭაბუკები საფქვავს ეზიდებიან, ბიჭები ბარბაცებენ შეშის ტვირთის ქვეშ.
- 14
უხუცესები კარიბჭესთან აღარ სხდებიან, ჭაბუკნი აღარ მღერიან.
- 15
შეწყდა ჩვენი გულის სიხარული, გლოვად იქცა ჩვენი ცეკვა.
- 16
გვირგვინები დაგვცვივდა თავებიდან; ვაი ჩვენ, რადგან შევცოდეთ.
- 17
ამიტომ დაგვიუძლურდა გული, ამიტომ დაგვიბნელდა თვალები,
- 18
რადგან გაუკაცრიელდა სიონის მთა და მელიები მიდი-მოდიან იქ.
- 19
შენ კი, საუკუნოდ ხარ, უფალო, შენი ტახტი თაობიდან თაობამდეა.
- 20
სამუდამოდ რატომ დაგვივიწყე? ასე დიდხანს რად მიგვატოვე?
- 21
შენკენ მოგვაბრუნე, უფალო, და მოვბრუნდებით! განგვიახლე დღეები, როგორც უწინ,
- 22
თუ საბოლოოდ მოგვიძულე და უზომოდ მრისხანებ ჩვენზე?