გოდება იერემიასი 3
- 1
მე ვარ კაცი, მისი რისხვის კვერთხით ტანჯვის მნახველი.
- 2
განმდევნა და სიბნელეში მატარა, არა ნათელში.
- 3
მხოლოდ მე მიღერებს ხელს ისევ და ისევ მთელი დღე.
- 4
დააბერა ჩემი ხორცი და კანი, შემუსრა ჩემი ძვლები.
- 5
შემომადგა და შემომარტყა სიმწარე და შეჭირვება.
- 6
სიბნელეში მამყოფა საუკუნო მკვდარივით.
- 7
ზღუდე შემომავლო, რომ ვერ გავიდე; ბორკილები დამიმძიმა.
- 8
კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის ახშობს ჩემს ლოცვას.
- 9
თლილი ლოდებით გადამიღობა გზები, ბილიკები გამიმრუდა.
- 10
ჩასაფრებული დათვივით არის ჩემთვის, დადარაჯებული ლომივით.
- 11
გზები გადამიადგილა, ნაკუწ-ნაკუწ დამგლიჯა, გამაპარტახა.
- 12
მოზიდა მშვილდი და ისრის სამიზნედ დამაყენა.
- 13
შიგნეულში გამიტარა კაპარჭიდან ამოღებული ისრები.
- 14
მთელი ხალხის დასაცინი შევიქენი, მათ საშაიროდ მთელ დღეს.
- 15
სიმწარით გამაძღო და აბზინდა შემასვა;
- 16
ხრეშით მიმტვრევს კბილებს, მტვრით დამფარა.
- 17
მშვიდობამ მიატოვა ჩემი სამშვინველი, დამავიწყდა კეთილდღეობა.
- 18
ვთქვი: წამერთვა ღონე და უფლის იმედი.
- 19
გაიხსენე, უფალო, ჩემი უბედურება, ტანჯვა, აბზინდა და სიმწარე.
- 20
დიახ, იხსენებს და დაღონებულია ჩემში სული,
- 21
მაგრამ ამას გავიხსენებ გულში და ამიტომ ვიმედოვნებ,
- 22
რომ უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა.
- 23
განახლდება ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება.
- 24
ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომ მაქვს მისი იმედი.
- 25
კეთილია უფალი მისი მომლოდინესთვის, მისი მაძიებელი სულისთვის.
- 26
სიკეთე მას, ვინც მოთმინებით მოელის ხსნას უფლისგან.
- 27
სიკეთე კაცს, რომელმაც თავისი უღელი ზიდა სიჭაბუკეში,
- 28
რომელიც განმარტოვებით ზის და დუმს, რადგან უფალმა დაადგა მას იგი.
- 29
მტვერშიც რომ ჩადოს ბაგეები, მაინც ექნება იმედი.
- 30
ლოყაც მიუშვიროს თავის მცემელს, გაძღეს შერცხვენით.
- 31
რადგან არ მიატოვებს უფალი საუკუნოდ.
- 32
რადგან თუ დაამწუხრებს, შეიბრალებს კიდეც თავისი დიდი მოწყალებით.
- 33
რადგან გულით როდი სტანჯავს და ამწუხრებს ადამიანთა შვილებს,
- 34
ფეხქვეშ რომ თელავენ ქვეყნის ყველა ტუსაღს,
- 35
სამართალს რომ ართმევენ კაცს უზენაესის წინაშე,
- 36
საქმეს რომ უმრუდებენ კაცს სასამართლოში, განა ვერ ხედავს ამას უფალი?
- 37
ვინ არის, რომ თქვას და შესრულდეს, თუ უფალმა არ ბრძანა?
- 38
განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?
- 39
რატომ ჩივის ცოცხალი ადამიანი, როცა თავისი ცოდვების გამო ისჯება?
- 40
გამოვცადოთ და გამოვიძიოთ ჩვენი გზები და მოვბრუნდეთ უფლისკენ.
- 41
გულები და ხელები აღვაპყროთ ზეცაში მყოფი ღმერთისკენ და ვთქვათ:
- 42
ჩვენ დავაშავეთ და გეურჩებოდით, შენ არ გვაპატიე.
- 43
რისხვით შეიმოსე და გვდევნე, გვხოცე და არ შეგვიბრალე.
- 44
ღრუბლით შეიმოსე, რომ არ მოეღწია ჩვენს ლოცვას.
- 45
ნაგვად და სიბინძურედ გვაქციე ხალხებს შორის.
- 46
პირი დააღეს ჩვენზე ჩვენმა მტრებმა.
- 47
შიში და განსაცდელი გვხვდა წილად, ნგრევა და განადგურება.
- 48
ცრემლის ნაკადები სდის ჩემს თვალებს ჩემი ერის ასულის განადგურების გამო.
- 49
ჩემი თვალები განუწყვეტლივ იღვრება, არ ჩერდება,
- 50
ვიდრე არ გადმოიხედება და არ იხილავს უფალი ციდან.
- 51
ჩემი თვალები ტკივილს აყენებენ ჩემს სულს ჩემი ქალაქის ასულთა გამო.
- 52
ჩიტივით მომინადირეს ჩემმა მტრებმა, უმიზეზოდ.
- 53
ჩემი ცხოვრება დილეგში დაღუპეს და ქვა მესროლეს.
- 54
წყალმა გადამიარა თავზე, ვთქვი: "დავიღუპე”.
- 55
შენს სახელს მოვუხმე, უფალო, ღრმა დილეგიდან.
- 56
შეისმინე ჩემი ხმა, ნუ მოარიდებ ყურს ჩემს ღაღადს, ჩემს ვედრებას.
- 57
შენ მომიახლოვდი იმ დღეს, როცა მოგიხმე; მითხარი: "ნუ გეშინია”.
- 58
შენ იცავდი, უფალო, ჩემი სულის საქმეს, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე.
- 59
შენ დაინახე ჩემი ჩაგვრა, ო, უფალო, განიკითხე ჩემი საქმე.
- 60
შენ დაინახე მთელი მათი შურისძიება, ყოველი მათი განზრახვა ჩემს წინააღმდეგ!
- 61
შენ გაიგონე მათი ლანძღვა, ო, უფალო, ყოველი მათი მზაკვრული ზრახვა ჩემს წინააღმდეგ.
- 62
ჩემზე თავდამსხმელთა ბაგენი და ფიქრნი ჩემს წინააღმდეგაა ყოველდღე.
- 63
შეხედე მათ დაჯდომას და მათ ადგომას, დამცინიან თავიანთ სიმღერებში.
- 64
მიუზღე მათ საზღაური, უფალო, მათი ხელის ნამოქმედარის მიხედვით.
- 65
გული დაუბნელე მათ, უფალო; შენი წყევლა იყოს მათზე.
- 66
რისხვით დაედევნე და გაანადგურე ისინი უფალო, ცისქვეშეთში.