იერემია 6
- 1
გაიქეცით, იერუსალიმის შუაგულიდან, თავს უშველეთ, ბენიამინის ძენო; თეკოაყში ჩაბერეთ ბუკს და ნიშანი მიეცით ბეთ-ჰაქერემს, რადგან უბედურება და დიდი დაღუპვა მოდის ჩრდილოეთიდან.
- 2
მშვენიერი და ნებიერია სიონის ასული, მე მოვკვეთ მას.
- 3
მწყემსები თავიანთი ფარებით მივლენ მასთან, მის ირგვლივ დასცემენ კარვებს და თავ-თავიანთ წილ მიწაზე დამწყემსავენ.
- 4
მოემზადეთ მასთან საბრძოლველად, ადექით და შუადღისას დავეცეთ მათ; მაგრამ ვაი ჩვენ, რადგან დღე იწურება, რადგან დაგრძელდა საღამოს ჩრდილები.
- 5
ადექით, ღამით დავეცეთ და დავანგრიოთ მათი სასახლეები.
- 6
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჩეხეთ ხეები, აღმართეთ იერუსალიმის გარშემო მიწაყრილები, ეს ქალაქი უნდა დაისაჯოს, მხოლოდ ძალადობაა მის შუაგულში.
- 7
როგორც ჭაში გროვდება წყალი, ისე დაგროვდა მასში ბოროტება, ძალადობისა და ნგრევის ხმა ისმის მასში, სნეულება და ჭრილობებია ჩემ წინაშე გამუდმებით.
- 8
გონს მოდი, იერუსალიმო, სანამ ზურგს შეგაქცევდეს ჩემი სული, სანამ უდაბნოდ და უკაცრიელ ქვეყნად მიქცევიხარ”.
- 9
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "ყურძენივით გაკრიფავენ ისრაელის ნატამალს, გაიწოდე ხელი, როგორც ყურძნის მკრეფავი იწვდის ვაზისკენ”.
- 10
ვის ველაპარაკო? ვინ გავაფრთხილო, რომ მოისმინონ? აჰა, წინადაუცვეთელია მათი ყურები და არ შეუძლიათ მოსმენა; აჰა, უფლის სიტყვა სამარცხვინოდ მიუჩნევიათ, აღარ სურთ იგი.
- 11
სავსე ვარ უფლის რისხვით, აღარ შემიძლია მისი შეკავება; "გადმოანთხიე იგი ქუჩაში ბავშვებზე და ერთად შეკრებილ ჭაბუკებზე, რადგან ქმარს ცოლთან ერთად შეიპყრობენ და ჭარმაგს მოხუცებთან ერთად.
- 12
სხვებს გადაეცემა მათი სახლები მინდვრებთან და ცოლებთან ერთად, რადგან მე გავიწვდენ ხელს ამ ქვეყნის მცხოვრებლებზე”, - ამბობს უფალი.
- 13
"რადგან პატარიდან დიდამდე ყველას ანგარება შეჰყრია და წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა სიცრუის მოქმედია.
- 14
ზერელედ კურნავენ ჩემი ხალხის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! მაგრამ არ არის მშვიდობა.
- 15
იმ სისაძაგლის გამო თუ რცხვენიათ, რომ სჩადიან? სულ არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან, ამიტომ დაცემულთა შორის დაეცემიან; იმ დროს, როცა დავსჯი, დაეცემიან”, - ამბობს უფალი.
- 16
ასე ამბობს უფალი: "დადექით გზებზე, შეხედეთ, გამოიკითხეთ ძველი ბილიკი, რომელი გზაა უკეთესი. მასზე იარეთ და სულის სიმშვიდეს ჰპოვებთ; მათ კი თქვეს, არ ვივლითო!
- 17
გუშაგნი დაგიყენეთ და გითხარით; ბუკის ხმას დაუგდეთ-მეთქი ყური; თქვეს, არ დავუგდებთო!
- 18
ამიტომ ისმინეთ, ხალხებო, იცოდე, საკრებულოვ, რა მოუვა მათ.
- 19
ისმინე, დედამიწავ! აჰა, უბედურებას მოვავლენ ამ ხალხზე, მათი ზრახვების ნაყოფს, რადგან ყური არ დაუგდეს ჩემს სიტყვებს და ჩემი რჯული შეიძულეს.
- 20
რისთვის მინდა შებადან მოტანილი გუნდრუკი და შორეული ქვეყნიდან მოტანილი ტკბილი ლერწამი? თქვენი სრულადდასაწველი მიუღებელია ჩემთვის და თქვენი მსხვერპლები აღარ მეამება”.
- 21
ამიტომ ასე ამბობს უფალი: "აჰა, დაბრკოლების ლოდს დავუდებ წინ ამ ხალხს და წაბორძიკდებიან მასზე მამები და შვილები ერთად, მეზობელი და მისი მოყვასი, ყველანი დაიღუპებიან”.
- 22
ასე ამბობს უფალი: "აჰა, მოდის ხალხი ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დიდი ერი აღსდგება ქვეყნის კიდეებიდან.
- 23
მშვილდი და შუბი უჭირავთ ხელში; სასტიკნი და უმოწყალონი არიან, ზღვასავით ბობოქრობს მათი ხმა, ცხენებზე ამხედრებულნი მოდიან. ერთი კაცივით არიან შემართულნი შენ წინააღმდეგ საბრძოლველად, სიონის ასულო”.
- 24
ამბავი გვესმა მათზე და ხელები მოგვიდუნდა, ტანჯვამ ისე შეგვიპყრო, როგორც მშობიარე ქალი ტკივილმა.
- 25
მინდორში ნუ გახვალთ და გზაზე ნუ ივლით, რადგან მტერს მახვილი აქვს და საშინელება მოდის ყოველი მხრიდან.
- 26
ჩემი ერის ასულო, ძაძა შემოირტყი და ნაცარში ჩაწექი, მწარე გოდებით იგლოვე, როგორც დედისერთაზე გლოვობენ, რადგან უეცრად მოვა მომსვრელი.
- 27
შემფასებლად დაგადგინე ჩემს ხალხში და სიმაგრედ, რომ შეიცნო და შეაფასო მათი გზები.
- 28
ყველანი ჯიუტად მოჯანყენი არიან, ცილისმწამებელნი, სპილენძი და რკინა, ყველანი გაიხრწნენ.
- 29
ქშინავს საბერველი, ტყვია შთაინთქა ცეცხლში, ამაოდ ადნობდა მდნობელი, რადგან ბოროტეულნი არ განცალკევებულან.
- 30
საძულველ ვერცხლს უწოდებენ მათ, რადგან უფალმა მოიძულა ისინი.