იერემია 48
- 1
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი მოაბზე: "ვაი ნებოს, რადგან განადგურდა, კირიათაიმი შერცხვენილი და დაპყრობილია, ციხე-სიმაგრე შერცხვენილი და დანგრეულია.
- 2
განქარდა მოაბის დიდება, ხეშბონში განიზრახეს ბოროტება მის წინააღმდეგ: მოდით და მოვსპოთ, რომ აღარ იარსებოს მისმა თესლმა! შენც დადუმდები, მადმენა, მახვილი მოგდევს უკან.
- 3
ყვირილის ხმა ისმის ხორონაიმიდან: გაუდაბურება და დიდი ნგრევაა!
- 4
განადგურდა მოაბი, აკივლდნენ მისი პატარები.
- 5
რადგან ლუხითის აღმართზე ტირილ-ტირილით ადიან, ხორონაიმის გზაზე კივილის ხმა ესმით:
- 6
გაიქეცით, თავი გადაირჩინეთ! ღვიასავით რომ დარჩეთ უდაბნოში!
- 7
იმის გამო, რომ შენი შრომისა და საგანძურის იმედი გქონდა, შენც შეგიპყრობენ და ქემოშსაც გადაასახლებენ თავის მღვდლებთან და მთავრებთან ერთად.
- 8
გამანადგურებელი მიადგება ყოველ ქალაქს, არცერთი ქალაქი არ გადარჩება; ხეობები გაჩანაგდება და ვაკე განადგურდება, როგორც უფალმა ბრძანა.
- 9
ფრთები მიეცით მოაბს, რომ გაფრინდეს, მისი ქალაქები გაუკაცრიელდება, აღარავინ იქნება მათში.
- 10
წყეულიმც იყოს, ვინც უფლის საქმეს დაუდევრად აკეთებს! წყეულიმც იყოს, ვინც თავის მახვილს სისხლისგან აკავებს!
- 11
სიყრმიდანვე მშვიდად იყო მოაბი, უშფოთველად იჯდა თავის ლექზე, არ გადაღებულა ჭურჭლიდან ჭურჭელში; არც დევნილობაში წასულა; ამიტომ შერჩა თავისი გემო და სურნელი არ შეუცვლია.
- 12
ამიტომ, აჰა, დგება დღეები, ამბობს უფალი, როცა გადამღებლებს გავუგზავნი! გადაიღებენ, ჭურჭლებს დაუცარიელებენ და ქოთნებს დაუმსხვრევენ.
- 13
შერცხვება მოაბი ქემოშის გამო, როგორც ისრაელის სახლი შერცხვა მათი იმედის, ბეთელის გამო.
- 14
როგორღა ამბობთ: მამაცი მეომრები ვართ, ომში ძლევამოსილნიო?
- 15
გაიძარცვა მოაბი, მტერი შევიდა მის ქალაქებში და მისი რჩეული ჭაბუკნი სასაკლაოზე წავიდნენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
- 16
მალე დადგება მოაბის დაღუპვის ჟამი, მოიჩქარის მისი უბედურება.
- 17
იგლოვეთ მისთვის, ყველამ, მის გარშემო მცხოვრებნო, და ყველამ, ვინც მისი სახელი იცით; თქვით: როგორ გატყდა ძლიერი არგანი, დიდებული კვერთხი!
- 18
ჩამოდი დიდებიდან და გვალვიანში დაჯექი, დიბონში მცხოვრებო ასულო, რადგან მოაბის დამანგრეველი ამოვა შენთან და დაანგრევს შენს ციხე-სიმაგრეებს.
- 19
გზასთან დადექი და თვალი ადევნე, ყაროყერის მკვიდრო; ჰკითხე გაქცეულსა და თავდაღწეულს: რა მოხდა?
- 20
შერცხვენილია მოაბი, რადგან გაჩანაგდა, იღრიალე და იღაღადე, აუწყეთ არნონში, რომ განადგურდა მოაბი.
- 21
სასჯელი ეწია დაბლობ ქვეყანას: ხოლონს, იაჰცას და მეფაათს,
- 22
დიბონს, ნებოს და ბეთ-დიბლათაიმს,
- 23
კირიათაიმს, ბეთ-გამულს და ბეთ-მაყონს,
- 24
კერიოთს, ბოცრას და მოაბის ქვეყნის ყველა შორეულ და მახლობელ ქალაქს.
- 25
რქა მოეკვეთა მოაბს და მკლავი მოტყდა, ამბობს უფალი.
- 26
დაათვრეთ იგი, რადგან უფალს გაუამპარტავნდა; ჩაწვება მოაბი თავის ნარწყევში და ისიც სამასხროდ შეიქნება.
- 27
განა სამასხროდ არ გყავდა ისრაელი? განა ქურდობაზე იყო წასწრებული, თავს რომ აქნევ მის ყოველ ხსენებაზე?
- 28
ქალაქები დატოვეთ და კლდეებში დასახლდით, მოაბის მკვიდრნო, ნაპრალის პირას დაბუდებული მტრედებივით იყავით!
- 29
გვესმა მოაბის ამპარტავნობა, მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, უზომო სიამაყე და დიდგულობა.
- 30
ვიცი მისი თავხედობა, ამბობს უფალი, მაგრამ უსარგებლოა იგი, მისმა ფუჭმა კვეხნამ ვერაფერს მიაღწია.
- 31
ამიტომ ვიგოდებ მოაბზე და მთელ მოაბზე ვიქვითინებ, კირ-ხერესის კაცებზე ვიკვნესებ.
- 32
იაყეზერზე მეტად ვიტირებ შენზე, სიბმას ვაზო, შენი ლერწები ზღვას მისწვდნენ, იაყეზერის ზღვას მიაღწიეს. შენს ზაფხულის ხილსა და შენს რთველს გამანადგურებელი შეესია.
- 33
სიხარული და მხიარულება წაერთვა ნაყოფიერ ველს, მოაბის ქვეყანას. ღვინოს გავაქრობ საწნახელიდან, აღარ დაწურავენ შეძახილებით; აღარ გაისმება სიხარულის შეძახილები.
- 34
ხეშბონიდან კივილს ელყალემდე გაიგონებენ და იაჰაცამდე შეუერთებენ ხმას, ცოყარიდან ხორონაიმამდე და ეგლათ-შელიშიამდე; რადგან დაიშრიტება ნიმრიმის წყლებიც.
- 35
ბოლოს მოვუღებ მოაბს, ამბობს უფალი, მაღლობზე რომ მიაქვს მსხვერპლი და თავის ღმერთებს საკმეველს უკმევს.
- 36
ამიტომ სტვირივით კვნესის ჩემი გული მოაბზე და კირ-ხერესის ხალხზე; რადგან დაეღუპათ უხვი მოსავალი.
- 37
ყველას გაპარსული აქვს თავი, წვერი მოკლედ აქვთ შეკრეჭილი, დახოკილი აქვთ ხელები და წელზე ძაძა აქვთ შემორტყმული.
- 38
მოაბის ყველა ბანზე და ქუჩებში გლოვის ხმა ისმის, რადგან მე დავამსხვრიე მოაბი, როგორც უსარგებლო ჭურჭელი! ამბობს უფალი.
- 39
როგორ დაიმსხვრა! როგორ მოთქვამენ! როგორ აჩვენა მოაბმა ზურგი - შერცხვენილია იგი! იქნება მოაბი სამასხროდ და შესაზარად ყველა მის ირგვლივ მყოფთათვის.
- 40
რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, არწივივით დააფრინდება მოაბს და ფრთებს გაშლის მასზე.
- 41
დაპყრობილ იქნა კერიოთი, ციხე-სიმაგრენი - აღებული; იმ დღეს მოაბელი ვაჟკაცების გული მშობიარე ქალის გულივით იქნება.
- 42
და აღმოიფხვრება მოაბის თესლი, რადგან უფალს გაუმედიდურდა იგი.
- 43
შიში, ორმო და მახე გელით, მოაბის მცხოვრებნო! ამბობს უფალი.
- 44
შიშისგან გაქცეული ორმოში ჩავარდება, ორმოდან ამოსული მახეში გაებმება, რადგან მოვაწევ მოაბზე მისი დასჯის წელიწადს! ამბობს უფალი.
- 45
ხეშბონის ჩრდილში გაჩერდნენ დაუძლურებული ლტოლვილები, რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან და ალი - სიხონის წიაღიდან; შუბლი შეუჭამა მოაბს და თხემი - შფოთის ძეებს.
- 46
ვაი შენ, მოაბო! დაიღუპა ქემოშის ხალხი, რადგან ტყვედ არიან წაყვანილნი შენი ძენი და დატყვევებულნი არიან შენი ასულნი.
- 47
მაგრამ დავაბრუნებ მოაბის ტყვეებს უკანასკნელ დღეებში! ამბობს უფალი. აქამდეა მოაბის განაჩენი”.