მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

იერემია 43

  1. 1

    და იყო, როცა იერემიამ დაასრულა ხალხისთვის მათი ღმერთის სიტყვების გადაცემა, იმ სიტყვებისა, რაც უფალმა, მათმა ღმერთმა შემოუთვალა მათ,

  2. 2

    მაშინ ყაზარია ჰოშაიას ძემ, იოხანან კარეახის ძემ და დანარჩენმა ქედმაღალმა კაცებმა უთხრეს იერემიას: "ტყუილს ამბობ, იმის სათქმელად არ გამოუგზავნიხარ უფალს, ჩვენს ღმერთს, არ გადახვიდეთ ეგვიპტეში, იქ საცხოვრებლადო!

  3. 3

    არამედ ბარუხ ნერიას ძე გაქეზებს ჩვენს წინააღმდეგ, რათა ქალდეველთა ხელში ჩაგვყაროს და დაგვხოცონ ან ბაბილონში გაგვრეკონ”.

  4. 4

    არ შეისმინა იოხანანმა, კარეახის ძემ, ყველა მხედართმთავარმა და მთელმა ხალხმა უფლის ხმა - დასახლებულიყვნენ იუდას ქვეყანაში.

  5. 5

    წაიყვანა იოხანანმა, კარეახის ძემ და ყველა მხედართმთავარმა იუდეველთა მთელი ნარჩენი, იუდას ქვეყანაში რომ დაბრუნდა ყველა ქვეყნიდან, სადაც გაძევებული იყო -

  6. 6

    მამაკაცები, ქალები და ბავშვები, მეფის ასულნი და ყოველი სული, ვინც ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა დატოვა გედალიაჰუსთან, შაფანის ძის, ახიკამის შვილთან და მათთან ერთად - იერემია წინასწარმეტყველი და ბარუხ ნერიას ძე.

  7. 7

    და გადავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან არ შეისმინეს უფლის ხმა, და თახფანხესამდე მივიდნენ.

  8. 8

    ასეთი სიტყვა მოვიდა უფლისგან იერემიასადმი თახფანხესში:

  9. 9

    "იუდეველი კაცების თვალწინ აიღე ხელში დიდი ქვები და ალიზში ჩამალე იმ ადგილას, აგურს რომ წვავენ, რომელიც ფარაონის სახლის შესასვლელშია, თახფანხესში.

  10. 10

    და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გავგზავნი და მოვიყვან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, ჩემს მსახურს, და დავდგამ მის ტახტს ამ ქვებზე, რომლებიც დავმალე; მათზე გადაჭიმავს თავის სამეფო კარავს.

  11. 11

    მოვა და ააოხრებს ეგვიპტის ქვეყანას. სასიკვდილო - მოკვდება, დასატყვევებელი - დატყვევდება, მახვილს გადაცემული - მახვილით დაეცემა.

  12. 12

    ცეცხლს შევუნთებ ეგვიპტის ღმერთთა ტაძრებს და გადაიბუგება, მათ კი შეიპყრობს; შეიმოსება ეგვიპტის ქვეყნით, როგორც მწყემსი იმოსება თავისი სამოსლით; და გამოვა იქიდან მშვიდობით.

  13. 13

    დაამსხვრევს იგი მზის ტაძრის სვეტებს, რომლებიც ეგვიპტის ქვეყანაშია და ეგვიპტის ღმერთთა სახლებს ცეცხლით გადაწვავს”.